ახალი ამბები

კოვიდსაშვი საზ.ტრანსპორტში ახლა რომ გავრცელდეს, ფიქტიური რეგულაცია იქნება – ტიკარაძე

2 დეკემბერი, 2021 • 1554
კოვიდსაშვი საზ.ტრანსპორტში ახლა რომ გავრცელდეს, ფიქტიური რეგულაცია იქნება – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამჟამად კოვიდსაშვი საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც რომ გავრცელდეს, „ეს იქნება ფიქტიური რეგულაცია“, თუმცა, თუკი ქვეყანაში კორონავირუსის ახალი, ომიკრონ შტამი დადასტურდება, შესაძლოა, რეგულაციები გამკაცრდეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის წამყვანის კითხვაზე, განიხილავს თუ არა მინისტრი „მწვანე პასპორტების“ ამოქმედებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მინისტრმა უპასუხა:

„ამ ეტაპისთვის, ვინაიდან არ არის დაფიქსირებული ახალი შტამი, არ მგონია, სწორი იყოს ამ გადაწყვეტილების სამშაბათს [7 დეკემბერს, როდესაც საკოორდინაციო საბჭოა ჩანიშნული] მიღება“.

ამასთან, მინისტრის თქმით, იმ დაწესებულებების ნუსხა, სადაც კოვიდსაშვი/„მწვანე პასპორტი“ მოქმედებს, შემთხვევითი არ არის:

„გავაანალიზეთ, სად იყო მეტი „ტრეფიკი“ და გავრცელება, სად ჩნდებოდა ახალი კლასტერები და ამაზე დაყრდნობით წარვადგინეთ რეკომენდაციები საბჭოზე, რაზე დაყრდნობითაც განისაზღვრა ის დაწესებუელბები, სადაც ახლა კოვიდპასპორტი მოქმედებს“.

„გეთანხმებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიცავს გარკვეულ რისკებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ არ შეიძლება რეგულაცია დაწესდეს რეგულაციისთვის. თითოელი რეგულაცია უნდა იყოს აღსრულებადი“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ტრანსპორტის შემთხვევაში სამინისტრო შიშობს, რომ „ეს იქნება მხოლოდ ფიქტიური რეგულაცია“:

„ამიტომ ინტენსიურად გავდივართ კონსულტაციებს, როგორ შეიძლება ტრანსპორტში ამოქმედებული მწავანე საშვი იყოს უფრო აღსრულებადი და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით შემდგომ ნაბიჯებზე“, – განაცხადა მან.

„ომიკრონ შტამის დაფიქისრების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გამკაცრდება კონტროლიც და რეკომენდაციებიც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან“, – განაცხადა მან.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ასევე აცხადებს, რომ შესაძლოა, საქართველოში „მწვანე პასპორტის“ მუშაობის პრინციპი გადაიხედოს და „მნიშვნელოვნად გამკაცრდეს“.

ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი