ახალი ამბები

სამეცნიერო პრაქტიკაში უვადო „მწვანე პასპორტის“ რისკებს ვხედავ – ტიკარაძე

2 დეკემბერი, 2021 • 1479
სამეცნიერო პრაქტიკაში უვადო „მწვანე პასპორტის“ რისკებს ვხედავ – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ შესაძლოა, საქართველოში „მწვანე პასპორტის“ მუშაობის პრინციპი გადაიხედოს და „მნიშვნელოვნად გამკაცრდეს“.

ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროში მოქმედმა კოვიდსაბჭომ პირველ დეკემბერს იმსჯელა მრავალ საკითხზე და დასკვნებს სამშაბათს, 7 დეკემბერს წარუდგენს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს.

„მე არ გამოვრიცხავ, მნიშვნელოვნად გამკაცრდეს ყველა ის ღონისძიება, რომელიც შეეხება „მწვანე პასპოტს“, და სხვა აღსრულების მექანიზმები“, – განაცხადა მინისტრმა ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან ინტერვიუში 2 დეკემბერს.

„მწვანე პასპორტები“ საქართველოში პირველი დეკემბრიდან შევიდა ძალაში. მედიკოსთა დიდი ნაწილი აკრიტიკებდა მისი მუშაობის პრინციპს, რომლის თანახმადაც თუკი ადამიანმა ერთხელ გადაიტანა კორონავირუსი, ქართულ დოკუმენტში მუდმივი „მწვანე სტატუსი“ ენიჭება.

ტიკარაძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეიძლება ეს ვადაც გადაიხედოს:

„შეიძლება, რომ გადაიხედოს ვადა, ვინაიდან … გარკვეულ რისკებს ვხედავთ
[იმაში], რომ ეს იყოს უვადო და ჩვენ წარვადგენთ საბჭოზე ამ რისკებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ რისკებს საბჭო გაითვალისწინებს“, – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროში მოქმედმა საბჭომ ასევე იმსჯელა კოვიდის ომიკრონის შტამთან დაკავშირებით:

„ვიმსჯელეთ ტესტირებაზე, – რომელი ტესტირება იქნებოდა ახალი შტამის პირობებში მეტად ეფექტიანი: დავრჩებით სწრაფ ტესტებზე თუ მხოლოდ პისიარ ტესტი იქნება მისაღები იმისათვის, რომ ადამიანი იქნეს „მწვანედ“ აღიარებული“.

„ასევე, ტესტირების ვადებზე იყო საუბარი, რადგან მსოფლიოში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ პისიარ ტესტის 72-საათიანი ვალიდურობა არ იყოს საკმარისი ახალი შტამის შემთხვევაში და შეიძლება ეს დრო იქნეს დათქმული 48 საათად“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ეს წინადადებები საკოორდინაციო საბჭოს 7 დეკემბერს წარედგინება.

გირჩევთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი