ახალი ამბები

გერმანია აუცრელთათვის შეზღუდვებს აწესებს

2 დეკემბერი, 2021 • 1356
გერმანია აუცრელთათვის შეზღუდვებს აწესებს

გერმანიაში Covid-19-თან საბრძოლველად აუცრელი პირებისთვის შეზღუდვები წესდება.

ანგელა მერკელი და გერმანიის ახალი კანცლერი, ოლაფ შოლცი 2 დეკემბერს შეხვდნენ ერთმანეთს და ახალ ზომებზე შეთანხმდნენ.

არავაქცინირებულ ადამიანებს ეკრძალებათ თითქმის ყველა სახის ბიზნესდაწესებულებაში შესვლა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.

ახალი შეზღუდვები ასეთია:

  • მაღაზიები, რესტორნები, მუზეუმები და კინოთეატრები მხოლოდ ვაქცინირებულ ან კოვიდ-გადატანილ პირებს მიიღებენ;
  • საჭირო გახდება დამატებითი ტესტირება ვაქცინირებულთათვის.

ამასთან, ლიდერების შეთანხმების თანახმად:

  • ბუნდესტაგი სავალდებულო ვაქცინაციას 2022 წლის დასაწყისში უყრის კენჭს;
  • ღამის კლუბები დაიხურება და მუსიკალური ღონისძიებები აიკრძალება იმ ადგილებში, სადაც შემთხვევების მაჩვენებელი 350-ს მიაღწევს;
  • საფეხბურთო მოედნებზე მაქსიმუმ 15 000 ადამიანს დაუშვებენ;
  • დახურულ სივრცეში სპორტულ ღონისძიებებს მაქსიმუმ 5 000 ადამიანი დაესწრება;
  • პირბადეები სკოლებში სავალდებულო გახდება.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ახალი ზომები ძალაში, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში შევა.

„სიტუაცია ძალიან მძიმეა“, – განაცხადა ანგელა მერკელმა, რომელსაც კანცლერის პოსტზე ბოლო დღეები აქვს დარჩენილი.

მერკელმა ასევე განაცხადა, რომ სავალდებულო ვაქცინაციას ემხრობა.

„აიცერით, გაიკეთეთ ბუსტერი. მხოლოდ ასე გამოვალთ ამ კრიზისიდან“, – განაცხადა გერმანიის ახალმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი