ახალი ამბები

სააკაშვილის პროცესი: პროკურორების აცილების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა

2 დეკემბერი, 2021 • 814
სააკაშვილის პროცესი: პროკურორების აცილების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი კოჭლამაზაშვილმა არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის შუამდგომლობა პროკურორების აცილების შესახებ.

დღეს, 2 დეკემბერს, სასამართლო განიხილავს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეს, რომელშიც ექსპრეზიდენტია ბრალდებული.

მისმა იურისტებმა დააყენეს პროკურორების — გიორგი მუჯირისა და არჩილ ტყეშელაშვილის — აცილების საკითხი. დაცვის მხარის აზრით, თავიანთი განცხადებებით ხსენებულმა პროკურორებმა მიუკერძოებლობის პრინციპი დაარღვიეს.

სააკაშვილის ადვოკატებმა ამის საფუძვლად დაასახელეს პროკურორების მიერ ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემული ინტერვიუ, სადაც მათ თქვეს, რომ  „2011 წლის 26 მაისს, მაშინ, როდესაც რუსთაველის გამზირზე პოლიციის უკანონო ქმედებებით დასახიჩრდა და ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო უამრავმა ადამიანმა და მასობრივად დააკავეს ხალხი, სააკაშვილი მე-3 დღეს მიემგზავრება ნიუ-იორკში, ასევე ევროპაში, სადაც იტარებს კოსმეტიკურ პროცედურებს“.

ადვოკატების თქმით, სააკაშვილის მიმართ ამ კონკრეტულ საქმეზე წაყენებულ ბრალდებასა და 26 მაისის მოვლენებს კავშირი არ აქვს და ამ ფაქტების დაკავშირებას მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივაცია აქვს.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის ადვოკატების აღნიშნული შუამდგომლობა.

სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმე

სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეზე პროკურატურამ ექსპრეზიდენტს 2014 წელს წარუდგინა ბრალი.

გამოძიების ვერსიით, სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაშინდელ უფროსს შორის დადებული შეთანხმების, ასევე, სააკაშვილის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, 2009-2013 წლებში სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარი გაიფლანგა.

პროკურატურა საუბრობს როგორც სააკაშვილისთვის, ისე სხვა ფიზიკური პირებისათვის გაწეულ მომსახურებაზე, რომელთა ხარჯების დასაფარადაც საიდუმლო ფორმით გაიფლანგა ბიუჯეტის ფული.

პროკურატურის თანახმად, მაგალითად, 2009 წლის თებერვალში მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში მოწვეული იქნა მასაჟისტი, რომელმაც აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტს გაუწია შესაბამისი მომსახურება.

“სამომავლოდ პრეზიდენტის ხარჯების შესახებ მსგავსი ინფორმაციის საზოგადოებაში გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 2009 წლის აპრილში მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება მისი პირადი მიზნებისათვის საჭირო თანხების გასაიდუმლოებული ფორმით ხარჯვის თაობაზე.

[ეს] მაშინ, როდესაც მანამდე პრეზიდენტის ხარჯები იყო საჯარო და ფინანსდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ ,,სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ სახსრებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი ბიუჯეტიდან საჭირო თანხების მობილიზებას მოახდენდა მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, საიდანაც საიდუმლო რეჟიმში განხორციელდებოდა მიხეილ სააკაშვილის პირადი მიზნებისათვის განკუთვნილი ხარჯების დაფინანსება”, — ამბობს უწყება.

მიხეილ სააკაშვილი ყველა ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

სააკაშვილი პატიმრობაში

სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. დაკავების დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

სააკაშვილის მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა. შიმშილობის 49-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე. ფოტო: EPA

მიხეილ სააკაშვილს თავდაპირველად არ ეძლეოდა თავის სასამართლო პროცესებზე დასწრების საშუალება. პენიტენციური სამსახური თავის ამ გადაწყვეტილებას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობითა და გადაყვანის პროცესში უსაფრთხოების რისკებით ხსნიდა.

ექსპრეზიდენტი თავის პროცესზე პირველად 29 ნოემბერს მიიყვანეს. დარბაზში სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა თავისი პოზიციები გაახმიანა 7 ნოემბრის, შეწყალებისა და ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.

ამასთან, ექსპრეზიდენტმა მისი ხელისუფლების დროს დაშვებულ “შეცდომებზე” ისაუბრა, რომელთა შორისაც სასამართლო სისტემა გამოარჩია.

მისი თქმით, ენმ-ის დროს ვერ მოხერხდა დამოუკიდებელი სასამართლოს აშენება, რაც საბოლოოდ ბევრ ადამიანს შეეხო, მისი ჩათვლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი