განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აცხადებს, რომ სკოლის დირექტორების კონკურსი 2022 წელს ჩატარდება.
ამის შესახებ მან დღეს, პირველ დეკემბერს, პარლამანეტში მოსმენისას დეპუტატ გიორგი ვაშაძის კითხვაზე პასუხად განაცხადა. ვაშაძემ ჩხენკელს უთხრა, რომ დღემდე 1022 სკოლის დირექტორი არის მოვალეობის შემსრულებელი, რადგან განათლების სამინისტრო ამას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. მან მინისტრს ჰკითხა მიზეზი, თუ რატომ არ ცხადდებოდა სკოლის დირექტორების კონკურსი.
ჩხენკელის თქმით, „პოლიტიკური პრინციპი არ არის“, სკოლის დირექტორების კონკურსი ამ დრომდე რომ არ გამოცხადებულა.
„სკოლის დირექტორების კონკურსი აუცილებლად ჩატარდება. ორი მიზეზია, თუ რატომ არ ტარდება და გეტყვით, როდის ჩატარდება. ჩატარდება გაისად,
2022 წელს. მე მგონი, აქ არანაირი პოლიტიკური პრინციპი არ არის. პირველი მიზეზი, თუ რატომ გადაიდო დირექტორების კონკურსი, ეს გახლავთ პანდემიის მოსაზრებიდან გამომდინარე და მეორე ის, რაც ჩემს გამოსვლაში დეტალურად აღვწერე – ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩამოყალიბდა სკოლის ლიდერის ახალი სტანდარტი, ანუ სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტი, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს ჭეშმარიტი ლიდერი, ევროპული ტიპის სკოლის. ამ სტანდარტების შემუშავება დასრულდა 2021 წელს და გაისად, 2022 წელს დირექტორების კონკურსი ჩატარდება“, – განაცხადა ჩხენკელმა.