ახალი ამბები

უგულავა 3000 ლარით დააჯარიმეს და გაათავისუფლეს

1 დეკემბერი, 2021 • 925
უგულავა 3000 ლარით დააჯარიმეს და გაათავისუფლეს

გიგი უგულავა, რომელიც 29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად მიმდინარე დემონსტრაციაზე დააკავეს, 3000 ლარით დააჯარიმეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ პირველ დეკემბერს მიიღო.

პოლიციას უგულავა დაახლოებით 48 საათის განმავლობაში ჰყავდა დაკავებული.

დაკავებისას, 29 ნოემბერს, საპატრულო პოლიციის მთაწმინდა-კრწანისის სამმართველოს უფროსმა, გოგა მემანიშვილმა განაცხადა, რომ უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დაკავების შემდეგ უგულავა წინასწარი დაკავების იზოლატორში, მარნეულში გადაიყვანეს.

29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართებოდა 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე.

პარალელურად, სააკაშვილის მხარდამჭერი საპროტესტო დემონსტრაცია იმართებოდა მისი გათავისუფლების მოთხოვნით. აქციაზე დიდი რაოდენობით პოლიციელი იყო მობილიზებული.

აქციაზე რამდენიმე დაპირისპირება მოხდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა.

შსს-ს ცნობით, დემონსტრაციაზე, ჯამში, 15 ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. მათ უწყება ედავება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა.

დაკავების დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.

სააკაშვილის მხარდამჭერები მის გადაყვანას ითხოვდნენ სამოქალაქო კლინიკაში, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა.

შიმშილობის 49-ე დღეს, 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, იგი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

მისი სასამართლო პროცესები გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი