ახალი ამბები

საქალაქო სასამართლოსთან უგულავა დააკავეს

29 ნოემბერი, 2021 • 1177
საქალაქო სასამართლოსთან უგულავა დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად მისი მხარდამჭერების აქცია იმართება, გიგი უგულავა დააკავეს.

საპატრულო პოლიციის მთაწმინდა-კრწანისის სამმართველოს უფროსის, გოგა მემანიშვილის განცხადებით, გიგი უგულავა საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს 7 ნოემბრის საქმეზე. სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ მორიგი წერილი გაავრცელა, რომლითაც თავის მხარდამჭერებს სასამართლოსთან საპროტესტო აქციის გამართვისკენ მოუწოდა.

სსაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. დაკავების დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. სააკაშვილის მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა. შიმშილობის 49-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით. გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი