ახალი ამბები

რომელი აპლიკაციაა საქართველოში „მწვანე პასპორტით“ სარგებლობისთვის

1 დეკემბერი, 2021 • 2206
რომელი აპლიკაციაა საქართველოში „მწვანე პასპორტით“ სარგებლობისთვის

საქართველოში „მწვანე პასპორტით“ სარგებლობისთვის მოქალაქეებმა აპლიკაცია CovidPass Georgia  უნდა გადმოწერონ. ამის შესახებ განხადებას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ აპლიკაცია, სახელწოდებით Georgia e-Health, რომლის დანერგვის შესახებაც უწყება ბოლო დღეების განმავლობაში საუბრობდა, საქართველოს მოქალაქეებმა უცხო ქვეყანაში ვიზიტისას უნდა გამოიყენონ.

ე.წ. მწვანე პასპორტები ქვეყანაში ხვალიდან ამოქმედდება.

მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ ის აკმაყოფილეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:

  • არის სრულად ვაქცინირებული;
  • გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;
  • ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;
  • ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;

„CovidPass Georgia აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ისე უცხოელ ვიზიტორს. აღნიშნული აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დაწესებულებებში შესვლისა და ღონისძიებებზე დასწრების მიზნით. საზღვარგარეთ ვაქცინირებული პირი (უცხოელი ვიზიტორი ან საქართველოს მოქალაქე), საზღვარზე შემოსვლისას წარადგენს ვაქცინაციის დამადასტურებელ ცნობას ან PCR ტესტის ნეგატიურ პასუხს.

საზღვრის კვეთის შემდეგ, პირს შეეძლება მარტივად დარეგისტრირდეს CovidPass Georgia აპლიკაციაში და ის შეუფერხებლად შეძლებს შესაბამის სივრცეებში შესვლას და ღონისძიებებზე დასწრებას. აპლიკაცია Georgia e-Health გამოიყენება საერთაშორისო მგზავრობისთვის და უზრუნველყოფს შეუფერხებლად შესვლას ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის სისტემაში ჩართულ 51 ქვეყანაში“, – აცხადებენ უწყებაში.

ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, მოქალაქეები „მწვანე პასპორტით“ შესვლას შეძლებენ შემდეგ დაწესებულებებში:

სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები, კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები, მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული), კინოთეატრები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, ოპერა, გასართობი ობიექტები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესობიექტები, სპა ცენტრები და ფიტნეს დარბაზები, სამთო კურორტების საბაგიროები.

სამინისტროს განცხადებით, მონიტორინგს შერჩევის პრინციპით განახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური, შსს-ს და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, სურსათის ეროვნული სააგენტო.

ობიექტზე არამწვანე სტატუსის მქონე პირის დაშვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულებას. წესის დარღვევის შემთხვევაში სანქცია იურიდიული პირისთვის შეადგენს 10,000 ლარს, ინდმეწარმისთვის – 2,000 ლარს.

სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში კი მოხდება ობიექტის დალუქვა.

ციფრული კოვიდ-სერტიფიკატით სარგებლობისთვის, საჭიროა მოქალაქეებმა App Store-დან https://apps.apple.com/ge/app/georgia-e-health/id1590322048

ან Google Play-დან https://play.google.com/store/apps/details... ჩამოტვირთონ აპლიკაცია Georgia e-Health და გაიარონ მარტივი რეგისტრაცია.

Covidpass- აპლიკაციის ჩამოსატვირთად კი მიჰყევით ბმულს:
App store-დან https://apps.apple.com/us/app/covidpass-georgia/id1590323605

Google Play-დან https://play.google.com/store/apps/details…

მასალების გადაბეჭდვის წესი