ახალი ამბები

აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია უზენაესში მოსამართლეების დანიშვნის პროცესით

26 ნოემბერი, 2021 •
აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია უზენაესში მოსამართლეების დანიშვნის პროცესით

დღეს, 26 ნოემბერს,აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს და განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო კიდევ ერთხელ იმედგაცრუებულია, რომ პარლამენტი განაგრძობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს სასამართლო რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასების დასრულებამდე, რაზეც პარლამენტის ლიდერები შეთანხმდნენ.

ჩვენ ასევე ვწუხვართ, რომ მოსამართლეების დანიშვნა მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მონაწილეობის გარეშე. მაშინ, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და პარლამენტმა ნაჩქარევად წარმართა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გასული წლის განმავლობაში, არანაირი ქმედება არ განხორციელებულა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს თანამდებობები თვეების განმავლობაში ვაკანტურია.

ქართველ ხალხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მეშვეობით უნდა ჰქონდეს ხმა ამ გავლენიანი და მნიშვნელოვანი მოსამართლეების შერჩევისას, რომლებიც უვადოდ განწესდებიან მოსამართლეებად უზენაეს სასამართლოში. დამოუკიდებელი ხმების გამოთიშვა ამ პროცესიდან კიდევ უფრო აძლიერებს შთაბეჭდილებას, რომ მოსამართლეების დანიშვნა უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის გარეშე“, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.

საელჩო დასძენს, რომ უზენაესი სასამართლოს შემდგომი მოსამართლეების დანიშვნამდე, მტკიცედ მოუწოდეს პარლამენტს, პრიორიტეტი მიანიჭოს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი არამოსამართლე წევრების დანიშვნას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და 2022 წლის გაზაფხულამდე დაასრულოს რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასება.

„დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვათა დახმარებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო განხორციელდა. საქართველოს უახლოესი პარტნიორები და მხარდამჭერები, ასევე, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ,თანხმდებიან, რომ უნდა გაგრძელდეს სასამართლო რეფორმა. ახლა მიზანი უნდა იყოს მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული სასამართლო სისტემის შექმნა, რომლის მიმართაც ქართველ ხალხს ექნება სრული ნდობა და რომელიც უზრუნველყოფს სრულ მონაწილეობას მრავალი კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლისა და იურისტისა, რომელიც პატიოსანი საქმიანობით ემსახურება კანონის უზენაესობის განმტკიცებას“, — ამბობს საელჩო.


25-26 ნოემბერს საქართელოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უსმენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 4 კანდიდატს, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა.

ამჟამად უზენაეს სასამართლოში 5 ვაკანტური პოზიციაა და 3 დამოუკიდებელი კონკურსი მიმდინარეობს, რომლებიც ჯერ კიდევ 2020 წლის შემოდგომაზე გამოცხადდა.

ამ პროცესს კრიტიკით შეხვდნენ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. ისინი აცხადებდნენ, რომ მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის არსებული წესი ვერ უზრუნველყოფს კონკურსის წარმართვას პარტიული გავლენებისგან თავისუფლად.

მართლმსაჯულების რეფორმამდე უზენაესის მოსამართლეები არ უნდა ინიშნებოდნენ – კოალიცია

მასალების გადაბეჭდვის წესი