ახალი ამბები

ძველმა საკრებულოებმა სენაკში, ჩხოროწყუსა და მარტვლიშიც დაამტკიცეს ბიუჯეტი

26 ნოემბერი, 2021 • 1515
ძველმა საკრებულოებმა სენაკში, ჩხოროწყუსა და მარტვლიშიც დაამტკიცეს ბიუჯეტი

ზუგდიდისა და ბათუმის საკრებულოების კვალდაკვალ, 2022 წლის ბიუჯეტი სენაკის, მარტვილისა და ჩხოროწყუს ძველი მოწვევის საკრებულოებმაც დაამტკიცეს.

ჩხოროწყუს 2022 წლის ბიუჯეტი დღევანდელ სხდომაზე 10 მილიონ 604 ათასი ლარით განისაზღვრა.

საკრებულოს სხდომებზე მოქალაქეები, – ოპოზიციის წარმომადგენლები, – არ შეუშვეს.

ბიუჯეტი დაამტკიცა მარტვილის საკრებულომაც.

დღეს რამდენიმე თვითმმართველი ერთეულის ძველი მოწვევის საკრებულო, – რომელსაც უფლებამოსილების ვადა რამდენიმე დღეში გასდის, – მომავალი წლის ბიუჯეტს ამტკიცებდა.

ბიუჯეტი ხმაურიანი პროტესტის ფონზე დაამტკიცეს ზუგდიდისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ძველმა საკრებულოებმა, რომლებსაც რამდენიმე დღეში გასდით უფლებამოსილების ვადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკრებულოს სხდომების პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო ზუგდიდში ადმინისტრაციული წესით 2 პირი დააკავეს, ბათუმში კი- 4.

ენმ-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ოპოზიციური საკრებულოების მიერ ბიუჯეტის შესაძლო ჩაგდებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის შიშით არის განპირობებული, „ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ისინი მხოლოდ კანონით განსაზღვრულ გრაფიკს მიჰყვებიან.

თუმცა, ორგანიზაცია „დროას“ მონაცემებით, წინა წლებში ბიუჯეტის დამტკიცება დეკემბრის თვეში ხდებოდა ხოლმე. კერძოდ, ბათუმის საკრებულოს მაგალითზე:

„2019 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი ბათუმის საკრებულომ 2018 წლის 27 დეკემბერს მიიღო, 2020 წლის ბიუჯეტი – 2019 წლის 25 დეკემბერს, ხოლო წლევანდელი, 2021 წლის, ბიუჯეტი – 2020 წლის 21 დეკემბერს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი