უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი ნინო სანდოძე აცხადებს, რომ ე.წ. მოსამართლეთა კლანი არც წინა ხელისუფლების დროს არსებობდა და არც დღეს არსებობს. ამის შესახებ მან დღეს, 26 ნოემბერს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსმენისას განაცხადა.
მას ამის შესახებ “მოქალაქეების” წევრმა ლევან იოსელიანმა ჰკითხა:
“თქვენ წინა ხელუსუფლების დროსაც მუშაობდით მოსამართლედ, არსებობდა თუ არა ასეთი ჯგუფი ან ადამიანი, რომელიც გავლენას ახდენდა სასამართლოზე ან სასამართლო გადაწყვეტილებაზე?” – ჰკითხა იოსელიანმა.
“ასეთი ჯგუფი არ არსებობდა არც წინა ხელისუფლების დროს, არც დღეს არ არსებობს. არ არის შემთხვევა, რომ ვინმემ მიმითითოს… რომ ვინმემ კონკრეტულ მოსამართლეს რომელიმე გადაწყვეტილების მიღებაზე განახორციელა ზეწოლა”, – უპასუხა ნინო სანდოძემ.
ამასთან, ნინო სანდოძე არ ეთანხმება იმ მოსამართლეებს, რომლებიც საჯაროდ გაემიჯნენ აშშ-ის და ევროკაშვშირის საელჩოების მიმართ მოსამრთლეთა კრტიკულ განცხადებას.
სანდოძის თქმით, მოსამართლეებმა პოლიტიკური შეხედულებების საჯაროდ დაფიქსირებისგან თავი უნდა შეიკავონ, რადგან ეს საფრთხეს უქმნის სასამართლოს სანდოობას. ამის შესახე სანდოძეს კითხვა “ქართული ოცნების” წევრმა გიორგი ამილახვარმა დაუსვა.
“როდესაც მოსამართლე ან მოსამართლეები საჯაროდ აფიქსირებენ პოლიტიკურ შეხედულებას, რომელმაც შესაძლოა გარკვეული საფრთხე შეუქმნას სასამართლოს იმიჯს, აქვს თუ არა მოსამართლეს ასეთი თამამი განცხადებების გაკეთების უფლება, რომელიც, სამწუხაროდ, ბოლო ხანებში გვესმის თქვენი კოლეგების მხრიდან და დანარჩენმა მოსამართლეებმა უნდა გააკეთონ თუ არა განცხადება კოლეგა მოსამართლეებზე”, – ჰკითხა ამილახვარმა.
სანდოძის თქმით, თუკი კონკრეტული მოსამართლე არ იზიარებს მოსამართლეთა ადმინისტრაციული კომიტეტის აზრს, მაშინ ამისთვის კომიტეტს უნდა მიმართონ და არა საჯაროდ განაცხადონ.
“ვთვლი, რომ სხვა კოლეგა მოსამართლეებმა კრიტიკის თვალსაზრისით ეს არ უნდა დააფიქსირონ. მე გავმიჯნავდი იმ საკითხს, რამდენად აქვს მოსამართლეს უფლება, პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ საკითხებზე [გამოთქვას] თავისი შეხედულება. ვთვლი, რომ მოსამართლემ ეს შეხედულება ასე ღიად და საჯაროდ არ უნდა გამოხატოს. არსებობს მოსამართლეთა თვითმმართველობა, არსებობს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და თუ ვინმე თვლის, რომ მათი პოზიცია სცილდება მოსამართლეთა ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას, ჩემი აზრით, მოსამართლემ პირველად უნდა მიმართოს ამ უწყებას და თავისი აზრის მიაწოდოს. ის უწყება იმსჯელებს შემდგომში მის პოზიციაზე და შეიძლება სხვა განცხადებაც გამოაქვეყნოს და არა თავად გამოვიდნენ და განაცხადონ საჯაროდ. ასეთი განცხადებების გაჟღერების შემდგომ ჩვენ მივიღეთ საზოგადოებისგან და მედიის წარმომადგენლებისგან მესიჯები, რომ “ამბოხია სასამართლო სისტემაში”. ეს მთლიანობაში სამართალწარმოებას და სასამართლოს უქმნის საფრთხეს”, – განაცხადა ნინო სანდოძემ.
აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების კრიტიკის პასუხად მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებას 15-ზე მეტი მოსამართლე გაემიჯნა. ისინი პოზიციას ძირითადად ფეისბუკზე, პოსტებისა და კომენტარების სახით აფიქსირებდნენ.
საუბარია 4 ნოემბრის განცხადებაზე, რომელშიც “გადაჭარბებულად” არის შეფასებული ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების კრიტიკა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევის გამო. კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა საელჩოებს „ვენის კონვენციის პატივისცემისკენ“ მიუთითა.
“ასეთი შეფასებები შეურაცხმყოფელია” – მოსამართლეები EU-ს და აშშ-ის საელჩოებს პასუხობენ