ახალი ამბები

ვინ არის ახალბედა მოსამართლე, რომელსაც 11 დემონსტრანტის საქმე დაეწერა

5 მარტი, 2025 •
ვინ არის ახალბედა მოსამართლე, რომელსაც 11 დემონსტრანტის საქმე დაეწერა

პროევროპული აქციების ფარგლებში, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის საქმე დაეწერა ყოფილ პროკურორ ირაკლი შვანგირაძეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ 2024 წლის 24 დეკემბერს დაინიშნა.

ირაკლი შვანგირაძე 38 წლისაა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის თანახმად, შვანგირაძეს მაგისტრის ხარისხი მიღებული აქვს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტზე; ჩაბარებული აქვს ადვოკატთა გამოცდა როგორც სისხლის, ასევე სამოქალაქო სამართალში, პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის საკვალიფიკაციო გამოცდა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

ის 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის ოქტომბრის ჩათვლით იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

  • 2009-2016 წწ. — კანცელარიის სპეციალისტი/სხდომის მდივანი/მოსამართლის თანაშემწე/სასამართლოს მენეჯერი – საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში;
  • 2017-2019 წწ. — სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი;
  • 2019-2021 წწ — საადვოკატო ბიურო „ვეტოს“ ადვოკატი;
  • 2022-2023 წწ. — ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი;
  • 2024 წლის დეკემბრიდან — თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

ბრალდებულ რევაზ კიკნაძის ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე ეჭვქვეშ დააყენა მოსამართლე შვანგირაძის ობიექტურობა და მიუკერძოებლობა და მისი აცილება მოითხოვა.

ადვოკატის თქმით, მან დაზუსტებით იცის, რომ ჯერ კიდევ გუშინ, 16:00 საათამდე საქმე მოსამართლე ნინო თარაშვილს ეწერა. ელგუჯა ავსაჯანაშვილმა გამოთქვა ეჭვი, რომ ირაკლი შვანგირაძე 13-ტომიანი საქმის (თითო ტომში მინიმუმ 250 გვერდია) გაცნობას ფიზიკურად ვერ მოასწრებდა, რადგან მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ერთი გვერდის წაკითხვას მინიმუმ 1 წუთი სჭირდება. ის ვერ მოასწრებდა საქმეში არსებული ვიდეომასალების ნახვასაც.

ადვოკატმა აცილების საფუძვლად ასევე დაასახელა მოსამართლის ბიოგრაფია, რომლის თანახმადაც, ირაკლი შვანგირაძე ჯერ კიდევ 2022-2023 წლებში ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი იყო.

„თქვენი პროკურორობის დასრულებიდან წელიწად-ნახევარიც არ არის გასული და მოსამართლეს, რომელსაც უმწიკვლო კარიერა ჰქონდა და სასამართლოს წიაღიდან გახდა მოსამართლე, ცვლის მოსამართლე, რომელმაც დაახლოებით 6 საათში „მოასწრო“ მასალების გავლა. იდეაში, მესამე პროკურორს ვხედავ პროცესზე“, — განაცხადა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა.

სხვა ადვოკატებმა ასევე თქვეს, რომ მოსამართლეს თვითაცილება უნდა გაეკეთებინა ან გადაედო პროცესი საქმის მასალების გაცნობამდე.

„ის, რომ საქმეში არის 6-7 ათასი გვერდი და თქვენ რამდენიმე საათი გქონდათ გასაცნობად, წარმოშობს კითხვებს — ხომ არ არის ეს რეალობა, როცა მოსამართლემ უკვე წინასწარ იცის, რა უნდა გააკეთოს. წინა მოსამართლემ, არ ვიცი, სხვადასხვა მიზეზებით, შეიძლება უბრალოდ არ უნდა განხილვა, რადგან ეს პოლიტიკური საქმე გახლავთ, რაღაც სხვა მიზეზებით უარი თქვა განხილვაზე და სულერთია, ნებისმიერი მოსამართლე მიამაგრეს საქმეს იმ მიზნით, რომ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც უკვე ცნობილია მისთვის“, — განაცხადა ონისე ცხადაძის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

მოსამართლე შვანგირაძემ დაადასტურა, რომ გუშინ დაეწერა აღნიშნული საქმე განსახილველად, თუმცა თქვა, რომ საკმაოდ დიდი ძალისხმევა ჩადო საქმის გასაცნობად.

„საქმის მასალებს რომ არ ვიცნობდე, არ დავიწყებდით საქმის განხილვას”, — განაცხადა მოსამართლემ.

მან ასევე განმარტა, რომ წინა საქმიანობა მოსამართლის აცილების საფუძველს არ წარმოადგენს და აღნიშნა, რომ გარდა პროკურორობისა, ადვოკატიც იყო. მოსამართლე შვანგირაძემ მისი აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

პროევროპული აქციების 11 მონაწილეს — ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, რევაზ კიკნაძეს, ჯანო არჩაიას, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რუსლან სივაკოვსა და სერგი კუხარჩუკს ბრალდება წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურ ძალადობაში, ამ შემთხვევაში, პოლიციელებზე თავდასხმაში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თითოეულ მათგანს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი