ახალი ამბები

National Geographic-ის ცნობილი ფოტოს გმირი ავღანეთიდან ევაკუირებულია

26 ნოემბერი, 2021 • 1997
National Geographic-ის ცნობილი ფოტოს გმირი ავღანეთიდან ევაკუირებულია

ჟურნალ National Geographic-ის ცნობილი ფოტოს გმირი, ავღანელი შარბათ გულა სამშობლოდან ევაკუირებულია. ის იტალიაში იმყოფება, სადაც, მთავრობის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი მიიღო.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, მარიო დრაღის ადმინისტრაციის ცნობით, იტალიამ ავღანელი ქალის ევაკუაციის ორგანიზება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ქვეყნის დასატოვებლად დახმარება თავად შარბათ გულამ ითხოვა.

რომის ეს ნაბიჯი ნაწილია დასავლეთის ქვეყნების მიერ ავღანეთის მოქალაქეთა ევაკუაციის კამპანიისა, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში, ქვეყნის ხელისუფლებაში ისლამისტური თალიბანის დაბრუნების შემდეგ დაიწყო.

შარბათ გულამ ცნობადობა მოიპოვა National Geographic-ის ფოტოგრაფის, სტივ მაკკარტის მიერ 1984 წელს, პაკისტანში, ავღანელ ლტოლვილთა ბანაკში მისთვის გადაღებული ფოტოთი.

წლების განმავლობაში ქალმა ხსენებული ფოტოს არსებობის შესახებ არაფერი იცოდა და არც საზოგადოების რეაქციაზე ჰქონდა ინფორმაცია. 2002 წელს სტივ მაკკარტიმ გადაწყვიტა, მოეძებნა თავისი ფოტოს გმირი, რაც, რიგი სირთულეების მიუხედავად, მოახერხა.

2014 წელს შარბათ გულა პაკისტანში იმყოფებოდა, თუმცა მიმალვა მოუწია ქვეყნის ოფიციალური პირების მხრიდან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გაყალბებაში დადანაშაულების გამო. გაიცა ქალის დეპორტის ბრძანება.

საბოლოოდ, გულა ქაბულში გადაიყვანეს. იქ მას ავღანეთის მაშინდელი პრეზიდენტი შეხვდა და ახალი ბინის გასაღები გადასცა.

ახლა, როცა ქალს სამშობლოს დატოვება მოუხდა, იტალიის მთავრობა აცხადებს, რომ შარბათ გულას დაეხმარება, ქვეყნის ცხოვრებაში ინტეგრირება მოახერხოს.

იტალიამ, დასავლეთის სხვა სახელმწიფოების მსგავსად, ასობით ავღანელის ევაკუაცია უზრუნველყო მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლება დაემხო და ძალაუფლება ისლამისტებმა აიღეს ხელში.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით

მასალების გადაბეჭდვის წესი