ეკონომიკასაზოგადოება

თბილისის 4 კაფე და რესტორანი, რომელიც კოვიდს გადაურჩა

23 ნოემბერი, 2021 • 4835
თბილისის 4 კაფე და რესტორანი, რომელიც კოვიდს გადაურჩა

პანდემიის კრიზისის გამო თბილისმა კვებისა და გართობის არაერთი ობიექტი დროებით ან სამუდამოდ დაკარგა. მათ ნაწილს არ ეყო რესურსი, არასტაბილურობისა და ფინანსური დანაკარგების ფონზე კვლავ ფეხზე წამომდგარიყო და მომხმარებელს დაბრუნებოდა.

თუმცა არსებობს დამაიმედებელი მაგალითებიც იმ რესტორნების, კაფეებისა და პაბების სახით, რომლებმაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლეს და რიგი სირთულეების მიუხედავად, კვლავ ელიან სტუმრებს. “ნეტგაზეთი” დაინტერესდა, როგორ მუშაობენ და რა პრობლემებს აწყდებიან აღნიშნული ბიზნესები.

პაბი “ნალი” ერთგული სტუმრების იმედად

თბილისში, ქიაჩელის ქუჩაზე მოქმედი პაბი “ნალი” ერთ-ერთი იყო იმ ობიექტთაგან, რომლებიც პანდემიის კრიზისის დაწყების შემდეგ, ხანგრძლივი პერიოდით დაემშვიდობნენ მომხმარებელს.

“ნალის” მფლობელის, აჩიკო რეხვიაშვილის სიტყვებით, ფართი გაქირავებული ჰქონდა და პანდემიის პერიოდში დამქირავებელს 6-თვიანი საშეღავათო პერიოდი მისცა, თუმცა ამ უკანასკნელმა ბიზნესის ხელახლა ამუშავება მაინც ვერ შეძლო, ფინანსური პრობლემების გამო.

დამქირავებლის გასვლის შემდეგ, პაბის ამუშავება აჩიკო რეხვიაშვილმა საკუთარი ძალებით სცადა. ასე დაუბრუნდა ქალაქს 25 წელზე მეტხნიანი ისტორიის მქონე “ნალი”.

“ჩემივე ძალებით, რადგან ჩემი ობიექტი იყო, თავიდან გავხსენი. მფლობელი რომ არ ვიყო, იჯარის პირობებში, ჩემთვის წარმოუდგენელი იქნება მუშაობა. ვინაიდან იჯარა არ მაქვს, თანამშრომლების მინიმალური რაოდენობით არსებობს ობიექტი”, – ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

კოვიდამდელ სტაბილურობამდე ჯერ გრძელი გზაა: პაბში სტუმრების რაოდენობა შემცირებულია, დაბადების დღის წვეულებები და სხვა ღონისძიებები კი, პრაქტიკულად, აღარ იმართება.

“ნალის” ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ახლა ერთგული მომხმარებელია, რომელიც გახსნის შემდეგ კვლავ სტუმრობს ობიექტს. მფლობელის თქმით, პაბს “კლიენტის მოზიდვა რომ სჭირდებოდეს, [მუშაობა] წარმოუდგენელი იქნებოდა”.

ბარი”ნალი”. ფოტო: Facebook/ The Nali Band (არქივიდან)

რეხვიაშვილი ამჟამინდელ პრობლემებს შორის ასახელებს ქალაქში ტურისტების ნაკლებობას. მისივე თქმით, უწინ პაბი საქართველოში მოქმედ საელჩოებთან თანამშრომლობდა და მათი წარმომადგენლებიც აქტიურად სტუმრობდნენ “ნალს”, თუმცა პანდემიის კრიზისის დაწყების შემდეგ ეს ვიზიტებიც შეწყდა.

პაბისთვის დიდი გამოწვევაა რეგულაციაც, რომელიც მსგავს ობიექტებს 23:00 საათის შემდეგ მუშაობას უკრძალავს. არადა, “ნალისთვის”,  გართობის სხვა ობიექტების მსგავსად, საღამოსა და ღამის საათები უმნიშვნელოვანესი დროა მომხმარებლის მოსაზიდად.

“პაბის სტილი ასე არის, რომ 21:00 საათზე იწყებს ღამის ცხოვრებას. ამ დროიდან შემოდის ხალხი ცოცხალ მუსიკაზე.

ახლა 20:00 საათიდან დავიწყე [ცოცხალი მუსიკა], მაგრამ სამსახურიდან ადამიანი რომ ბრუნდება, 1-2 საათი უნდა [რომ დაისვენოს] და მერე გადის გარეთ.

ეს [რეგულაცია] იმხელა უხერხულობას ქმნის, რომ კლიენტების 70% ამის გამო არ დადის. უბრალოდ, ძალიან რომ მოენატრება, 2 კვირაში ერთხელ შემოდის, მაშინ, როცა იქამდე ყოველდღე იჯდა და დღის ბოლოს ატარებდა. ასეთი ვითარებაა”.

“ეზოს” დაბრუნება და მომხმარებელთა დამაიმედებელი ნაკადი

რესტორანი “ეზო”, რომელიც ძველ თბილისში, ე.წ. იტალიურ ეზოში, რამდენიმე მეგობარმა 2015 წელს გახსნა, პანდემიის დროს დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

რეგულაციების შემსუბუქების მიუხედავად, ფინანსური რისკების გამო, რესტორანი კარგახანს იყო დაკეტილი. თუმცა მიმდინარე წლის ზაფხულში “ეზოს” მენეჯმენტის ნაწილმა კიდევ ერთხელ სცადა მისი გადარჩენა რეინვესტირების გზით. შედეგად, ობიექტი ხელახლა ამუშავდა.

როგორც რესტორანში ჰყვებიან, აგვისტო-სექტემბრის პერიოდში “ეზომ” წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნაკლები კლიენტი მიიღო, თუმცა შემოდგომის მეორე თვიდან ვითარება შეიცვალა.

“შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი დაუღალავი შრომის შედეგად, ოქტომბრისა და ნოემბრისთვის რეკორდებს ვხსნით, მიუხედავად პანდემიისა.

ანუ, წელს, ოქტომბერში და ნოემბერში, გვყავს ბევრად მეტი მომხმარებელი, ვიდრე წინა წლების ნებისმიერ შემოდგომაზე”, – აღნიშნავს “ეზოს” წარმომადგენელი სანდრო მათიაშვილი.

რესტორანი “ეზო”. ფოტო: Facebook/ეზო • ezo (არქივიდან)

მისივე სიტყვებით, ტურისტების ნაკლებობა აქაც შეიმჩნევა, თუმცა ეს გარემოება რესტორანზე მძიმედ არ ასახულა იქიდან გამომდინარე, რომ ის არ წარმოადგენს “ტურისტულ ნაკადზე დამოკიდებულ ბიზნესს”:

“ჩვენი მომხმარებლები არიან ადგილობრივი ადამიანები და საქართველოში მცხოვრები უცხოელები – ე.წ. ექსპატები.

მათთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილი ვართ თბილისში და მუდმივად ვცდილობთ, გავამართლოთ მათი მოლოდინი. შესაბამისად, ჩვენზე ნაკლებად აისახა ტურისტული ნაკადების სიმცირე”.

სანდრო მათიაშვილის თქმით, ახლა “ეზო” ზამთრის სეზონისთვის ემზადება და თავის სამზარეულოს იმ ადამიანებსაც უთმობს, რომელთაც თავიანთი კულინარიული იდეების ხორცშესხმისათვის სივრცე სჭირდებათ.

და მაინც, მიუხედავად დადებითი ტენდენციისა, ვერც “ეზო” უვლის გვერდს კვების ობიექტების მუშაობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული რეგულაციის შედეგებს.

“მოგეხსენებათ, 23:00 საათიდან კვებისა და მსგავს ობიექტებს ეკრძალებათ ფიზიკურ სივრცეში პროდუქტის გაყიდვა და სივრცე იკეტება. ეს არის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება, რაც გვექმნება.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის 2 საათი, 23:00-დან 01:00-მდე, რომელსაც ადამიანები ჩვენთან ატარებენ. რიცხვებში რომ წარმოვიდგინოთ, ბიზნესისთვის ძალიან დიდია ყოველდღიური 2-საათიანი დანაკარგი. ეს ბევრად გვაშორებს კოვიდამდელ პერიოდს”.

“პრეგო რეალე” ახალ მისამართზე

თბილისის ერთ-ერთი პირველი პიცერია “პრეგო რეალე” მომხმარებლებს მიმდინარე წლის ივნისში დაემშვიდობა.

მფლობელების სიტყვებით, პიცერიამ გამოიარა “ძალიან დიდი შრომით, წვალებით, იმედგაცრუებით და ასევე უამრავი სიხარულით, ბედნიერებით, სიყვარულით და სიახლეებით აღსავსე 21 წელი”, რომელიც პანდემიის კრიზისის ფონზე დასრულდა.

“პრეგო რეალე”

“პიცერია “პრეგო რეალე” წყვეტს ფუნქციონირებას. ბევრ სხვა გარკვეულ მიზეზთან ერთად მსოფლიო პანდემიამ და მისგან გამოწვეულმა კრიზისმა, ალბათ, ყველაზე დიდი როლი ითამაშა ამ გადაწყვეტილების მიღებაში”, — აღნიშნავდნენ ისინი.

თუმცა პაუზამ მხოლოდ 3 თვე გასტანა: სექტემბერში პიცერიის ფეისბუკ გვერდმა მომხმარებლებს აცნობა, რომ “პრეგო რეალე” ახალ მისამართზე ბრუნდება.

“რაღაცნაირად გავხსენით, მაგრამ ძალიან ვწვალობთ” – კაფე “მოცვი”

როდესაც პანდემიის კრიზისი დაიწყო, “მოცვი” დასრულებული სახით ჯერ არ არსებობდა. კაფე თბილისში, ძმები კაკაბაძეების ქუჩაზე, 2020 წლის ზაფხულში გაიხსნა და, როგორც დამფუძნებლები ამბობენ, მალევე მოიპოვა პოპულარობა მომხმარებელთა შორის.

კაფეს შეუფერხებლად მუშაობა დიდხანს არ დასცალდა: ეპიდვითარების პერიოდული გართულების ფონზე, კაფე არაერთგზის დაიხურა, გადაადგილების შეზღუდვისა და სხვა რეგულაციების ფონზე კი სტუმრების ნაკადმა იკლო.

“მოცვი” კიდევ ერთხელ გაიხსნა მიმდინარე წლის სექტემბერში. ზაფხულში ობიექტმა ვერ იმუშავა, ვინაიდან გარე ტერასა არ აქვს. როგორც ადმინისტრაციაში ამბობენ, გასულ წელთან შედარებით, მდგომარეობა გაუარესებულია, მძიმე ჩავარდნების ფონზე კი ის თანხაც ვერ ამოიღეს, რომელიც კაფეს გახსნას მოხმარდა.

კაფე “მოცვი”. ფოტო: Facebook/Café Motsvi • კაფე მოცვი

“რთულად ვმუშაობთ. დიდი ხნით მოგვიწია ამ კაფეს შენახვა. მთელი ამ ხნის მანძილზე არც იჯარა გაგვიჩერეს, არანაირი შეღავათი ჩვენ არ შეგვხებია. მთელი პერსონალი გავუშვით და მერე დავაბრუნეთ.

ახლა ვერ ვმუშაობთ ისე, როგორც თავიდან. ყოველ შემთხვევაში, კმაყოფილები არ ვართ. ძალიან ბევრი კლიენტი დავკარგეთ”, – ამბობენ “მოცვის” დამფუძნებლები.

უპირველეს პრობლემად “მოცვის” ადმინისტრაციაც სამუშაო დროსთან დაკავშირებულ რეგულაციას ასახელებს:

“მეტწილად ხალხი შემოდიოდა საღამოს 20:00 საათიდან და ღამის 01:00 საათამდე ვმუშაობდით კარგად… 22:30-ზე უკვე დახურვა გიწევს. ბევრი ამიტომ არ დადის.

საღამოს რომ გამოდის ადამიანი [გარეთ] და კაფეში შემოდის, აღარ უღირს, ფული დახარჯოს, რადგან 22:00-ზე უკვე სამზარეულო იხურება. ბევრს სამუშაო გვიან – ცხრაზე, ათზე – უმთავრდება. არ უღირთ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი