საზოგადოება

BILD: სერიოზული ბრალდებები გერმანიის ელჩის მიმართ საქართველოში

23 ნოემბერი, 2021 •
BILD: სერიოზული ბრალდებები გერმანიის ელჩის მიმართ საქართველოში

გერმანულმა გამოცემა BILD-მა საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შესახებ კრიტიკულ სტატია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ის მიიჩნევა, როგორც თვალშისაცემად პროსამთავრობო პოზიციების მქონე დიპლომატად, მისი მეუღლე კი “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ უნივერსიტეტში მუშაობს. ამასთან, სტატიაში “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად და “რუსეთის მეგობრად” არის მოხსენიებული.

სტატიაში ნათქვამია, რომ ქნირში არაერთხელ დაადანაშაულეს ცალმხრივ განცხადებებსა და “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ მოქცევაში. ავტორმა ამის დასასაბუთებლად სტატიაში რამდენიმე გარემოება მოიყვანა. მათ შორის, მის წინააღმდეგ შედგენილი 44 არასამთავრობო ორგანიზაციის წერილი. საქმე ეხება 2020 წელს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარის, სოფიო კილაძის გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის ნომინირებას, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს:

“2020 წელს საქართველოს მთავრობამ გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის წევრად დაასახელა პოლიტიკოსი, რომელიც მიჩნეულია ჰომოფობად და უმცირესობების მოწინააღმდეგედ. ათობით არასამთავრობო ორგანიზაციამ გააპროტესტა ეს ფაქტი, თუმცა ქნირშმა არა [მთავრობის] ნომინაცია, არამედ სამოქალაქო საზოგადოება გააკრიტიკა”, – წერია სტატიაში.

სტატიაში ასევე საუბარია 2020 წელს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების პროცესზე და მასში გერმანიის ელჩის ჩართულობაზეც. სტატიაში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა ოპოზიციონერის თანახმად, მოლაპარაკებების დროს ქნირშმა გიორგი რურუა “პოლიტპატიმრად” მოიხსენია და აღნიშნა, რომ ის გათავისუფლდებოდა, “ოპოზიციაა კი გერმანელის სიტყვას ენდო”, თუმცა სამი თვის შემდეგ, ერთ-ერთ ტელევიზიასთან ინტერვიუში გერმანიის ელჩმა თქვა, რომ რურუას საკითხი 8 მარტის შეთანხმების ნაწილი არ იყო.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ქნირში საქართველოს მთავრობის დასაცავად გერმანიის პროკურატურას შეეწინააღმდეგა. საქმე ეხება ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას ბერლინში. გამოცემა აღნიშნავს, რომ ქნირშის განცხადება ეწინააღმდეგებოდა გერმანიის პროკურატურის პოზიციას, რომელიც აცხადებდა, რომ 2019 წლის აგვისტოში ხანგოშვილის ბერლინში მკვლელობის ერთ-ერთი მოტივი “საქართველოს პრორუსული მთავრობისადმი მისი ოპოზიციური განწყობა იყო”.

მაშინ გერმანიის საელჩომ საქართველოში გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გერმანიის გენერალური პროკურატურის განცხადება გაუგებარ ფორმულირებას შეიცავდა საქართველოს მთავრობის შესახებ და “საქართველოს მთავრობის რაიმე სახით დახასიათება გერმანული სამართლებრივი უწყებების მიზანს არ წარმოადგენდა”.

ამასთან, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისადმი ქნირშის კეთილგანწყობის ერთ-ერთ არგუმენტად გამოცემამ მოიყვანა 2021 წლის არჩევნების შემდეგ ქნირშის განცხადება. კერძოდ, სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ არჩევნების შედეგები საქართველოსთვის საკამათო იყო, გერმანიის ელჩმა კი არჩევნებიდან “ძალიან მალე აღიარა ადგილობრივი არჩევნები, რომელშიც “ქართული ოცნების” პოლიტიკოსებმა 20-დან 19 ქალაქში გაიმარჯვეს”.

“მეორეს მხრივ, BILD-ის კითხვაზე გერმანიის საგარეო საქმეთა ოფისმა განაცხადა, რომ ელჩმა კნირშმა „გამოხატულად მიულოცა ყველას, ვინც მოიგო მერის და საკრებულოს ადგილები“ ​​და მისი შეფასება არჩევნების შესახებ არ “განსხვავდება ევროკავშირისგან”, – აღნიშნულია სტატიაში.

ამასთან, სტატიაში ნათქვამია, რომ თავის მხრივ საქართველოს მთავრობამ გერმანიის ელჩს მხარი დაუჭირა, როდესაც “ქნირშის წინააღმდეგ ცილისწამების კამპანია” დაგმო, “რომელსაც ოპოზიციის ლიდერები ხელმძღვანელობდნენ.

“როგორც ჩანს, გერმანიის ელჩი და მმართველი პარტია ერთმანეთთან ჰარმონიაში არიან, ხოლო გერმანელი დიპლომატის ურთიერთობა სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან საკმაოდ მტრულად გამოიყურება”, – ნათქვამია გერმანული გამოცემის სტატიაში.

სტატიაში ასევე საუბარია ქნირშის მეუღლეზე, ევა მარია ქნირშზეც. გამოცემა აღნიშნავს, რომ გერმანიის ელჩის მეუღლე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიწვეული ლექტორის პოზიციას იკავებს. თუმცა აქვე ნათქვამია, რომ ქნირშის ადვოკატების განცხადებით, ევა მარია ქნირშის ანაზღაურება “მიწვეული ლექტორის” სტატუსის შესაბამისია, რაც გამოცემის ცნობით, გერმანელი პროფესორებისთვის ყველაზე დაბალი ხელფასია.

“ელჩის მეუღლის ადვოკატები და საგარეო ოფისი BILD-თან ირწმუნებიან, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის საჯარო უნივერსიტეტი, რაც ფორმალურად სიმართლეა. ფაქტია, რომ უნივერსიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტისგან 2019 წელს 145 000 ევრო, 2020 წელს კი 610 000 ევრო მიიღო.

მეორე მხრივ, ფიქსირდება 1 მილიარდი ევროს ინვესტიცია “ქართუ ფონდისგან”, რომელიც ოლიგარქის და მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახს ეკუთვნის.

ეს გადახდილი თანხა საიდუმლო არაა, პირიქით, უნივერსიტეტის ვებ-საიტის მთავარ გვერდზე არის შეჯამება, რომლითაც უნივერსიტეტი მადლობას უხდის საკუთარ კეთილშობილ მფარველს”, – ნათქვამია სტატიაში.

გამოცემის თანახმად, გერმანიის ელჩის მეუღლე მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის შვილობილ კომპანიაში, TUM International-ში არის ფრილანსერი “საქართველოს წარმომადგენელი”. ქნირშის ადვოკატების ცნობით, ის “ამ საქმიანობისთვის შედარებით მცირე ანაზღაურებას იღებს”.

სტატიის თანახმად, კომპანიის ვებ-საიტის მთავარ გვერდზე აღნიშნულია, რომ TUM International რამდენიმე წელია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს საქართველოს მთავრობის სახელით უწევს კონსულტაციას.

“ამიტომ, გერმანიის ელჩის მეუღლე ორმაგ სარგებელს იღებს საქართველოს ყველაზე მდიდარი კაცისა და ძლიერი ოლიგარქისგან, რომელიც მმართველი პარტიის,”ქართული ოცნებისა” და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის უკან დგას:

ერთი მხრივ, უშუალოდ იმ უნივერსიტეტში მუშაობით, რომელსაც უმეტესად ის [ივანიშვილი] აფინანსებს, მეორე მხრივ, გერმანულ კომპანიაში მუშაობით, რომელიც საქართველოს მთავრობის სახელით კონსულტაციას უწევს ოლიგარქის უნივერსიტეტს.

თუმცა ფედერალური საგარეო უწყება ელჩის მეუღლის დასაქმებაში ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავს. BILD-ის შეკითხვაზე, მათ უპასუხეს, რომ მხარს უჭერენ “საზღვარგარეთ მივლენილი თანამშრომელთა პარტნიორების პროფესიულ საქმიანობას“ და ცნობილია ქ-ნი ქნირშის საქმიანობა”, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ერთ-ერთი რესპონდენტი, “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ვიცე-პრეზიდენტი, გიორგი ონიანი აცხადებს, რომ გერმანიის ელჩის ცოლის საქმიანობა “შეიძლება არ იყოს პრობლემა ისეთ ქვეყანაში, სადაც არის ჩამოყალიბებული დემოკრატია და მოქმედი ინსტიტუტები, თუმცა ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ეს აშკარად პრობლემაა”. მისი შეფასებით, არ არის გამორიცხული, საქმე გვქონდეს კორუფციის ან ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევასთან.

გამოცემის ცნობით, გერმანიის ელჩის მეუღლის ადვოკატებმა BILD-ს უთხრეს, რომ ეს იყო “კორუფციის არაარსებითი ბრალდება” და გამოცემას სთხოვეს, თავი შეეკავებინათ ამის გამოქვეყნებისგან.

“საგარეო უწყებაში ერთხმად ითქვა, რომ ევა მარია ქნირში ასწავლიდა კომპიუტერული მეცნიერებას ოლიგარქის უნივერსიტეტში და წარმოადგენდა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის შვილობილ კომპანიას, რომელიც განვითარებაში მხარს უჭერდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს. “ამ საქმიანობიდან კორუფციის ბრალდების აგება აბსურდია”, – ნათქვამია სტატიაში.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა” არ არის ერთადერთი, რომელიც გერმანიის ელჩის მეუღლის საქმიანობას კრიტიკულად უყურებს. BILD წერს, რომ ამის შესახებ საუბრობს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც.

“რა თქმა უნდა, არის ინტერესთა კონფლიქტი ქმრის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით. პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს უაღრესად პრობლემატურია და შემიძლია მხოლოდ მტკიცე რეკომენდაცია გავცე, რომ შეჩერდეს ყველა საქმიანობა, რაც უზრუნველყოფს შემოსავალს სახელმწიფო კონტრაქტებიდან”, – უთხრა BILD-ს კრამონმა.

სტატიის ბოლოს, რესპონდენტი, “გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების” წარმომადგენელი,  ექსპერტი შტეფან მაისტერი აცხადებს, რომ გერმანიის ელჩის მეუღლის საქმიანობაში ინტერესთა კონფლიქტს ვერ ხედავს. ის BILD-თან განმარტავს, რომ ევა მარია ქნირშის საქმიანობა “არის სასწავლო აქტივობა, რომელიც ანაზღაურდება შეზღუდულად”.

“მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს უმეტესად ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს, საქართველოში არ არის იშვიათი, როდესაც ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობს. ორივე საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, რაც არ არის იშვიათი ელჩების მეუღლეებისთვის, ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ კორუფციაზე ვისაუბროთ”, – განაცხადა შტეფან მაისტერმა.

თუმცა მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილოა ქნირშის “ცალმხრივი გამოსვლებით”.

გერმაანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა Bild-ის სტატიაზე ნეტგაზეთთან კომენტარი წერილობით გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ერთ-ერთმა გერმანულმა ონლაინ მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა სტატია ჩემს საქმიანობაზე საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჩვენს ურთიერთობაზე, ასევე, იმ საქმიანობაზე, რომელსაც ჩემი მეუღლე ეწევა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ყველას თავისუფლად შეუძლია, შეიქმნას საკუთარი აზრი ჩემს საქმიანობაზე ან გამოთქვას ეს აზრი. სტატია არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს კარგ თანამშრომლობაზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას შეკრების თავისუფლებისთვის, საქართველოში პლურალისტური პოლიტიკური ცხოვრებისათვის და პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის განმუხტვისთვის. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, ევა მარიას, მე ნამდვილად ვამაყობ მისი ინტენსიური და პროფესიონალური საქმიანობით, რომელიც მოიცავს ქართველი სტუდენტების განათლებას კომპიუტერულ მეცნიერებაში, ისევე, როგორც ვამაყობ მისი სამოქალაქო  და საზოგადოებრივი აქტიურობით”, – აცხადებს ელჩი ქნირში.

მასალების გადაბეჭდვის წესი