საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბრიუსელში შეხვედრას გამართავს უკრაინისა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრებთან.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირის სამი ასოცირებული პარტნიორის ლიდერების შეხვედრა იქნება მოსამზადებელი ვიზიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ, რომელიც 15 დეკემბერს გაიმართება:
„ჩვენ ახლა ვემზადებით ასოცირებული ტრიოს პრემიერების შეხვედრისთვის, რომელიც გაიმართება, სავარაუდოდ, 30 ნოემბერს და პირველ დეკემბერს, სავარაუდოდ. ეს იქნება მოსამზადებელი ვიზიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის, რომელიც გაიმართება 15 დეკემბერს და მეც წარვდგები ამ სამიტზე და მივიღებ მონაწილეობას“ ,- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილმა ისაუბრა სხვა მოახლოებული ვიზიტების შესახებაც. მისი თქმით, საქართველო თანამონაწილეობას მიიღებს დემოკრატიის სამიტზე, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გაემგზავრება. 1-2 დეკემბერს ნატოს მინისტერიალზე კი საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გაემგზავრება.