ახალი ამბები

აქცია შქმერში: მოსახლეობა მანგანუმის მოპოვებისთვის გაცემულ ლიცენზიებს აპროტესტებს

21 ნოემბერი, 2021 • 1439
აქცია შქმერში: მოსახლეობა მანგანუმის მოპოვებისთვის გაცემულ ლიცენზიებს აპროტესტებს

ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ შქმერში მოსახლეობა მანგანუმის მოპოვებისთვის გაცემულ ლიცენზიებს აპროტესტებს. ამ ეტაპისთვის 2 ლიცენზია გაცემულია მანგანუმის მოპოვების მიზნით ტერიტორიების შესწავლაზე.

მოსახლეობა ამბობს, რომ მთელი ეს პროცესი მათი ჩართულობის გარეშე ხდება და შიშობს, მანგანუმი მოპოვება მათ სახლებსაც დააზიანებს.

ეს მოსახლეობის მხრიდან პირველი პროტესტი არ არის. ისინი უკვე არაერთი თვეა სხვადასხვა გზებით ეწინააღმდეგებიან გაცემულ ლიცენზიებს.

როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ წერს, ლიცენზიების გაცემამდე რამდენიმე თვით ადრე, 2021 წლის იანვარში, ლიცენზიის მოპოვებით დაინტერესებული პირების განცხადების საფუძველზე ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა – „ადგილობრივებს, ვინც საკუთარ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული მიწები 2018-2020 წლებში კანონიერად დაიმტკიცეს, სახელმწიფო ახლა ამ მიწის ნაკვეთების თაღლითური გზით დარეგისტრირებას ედავება,“.

„ჩვენ მოგვატყუეს, მოტყუების მოხდა ლიცენზიის გაცემა. აქ ისეთ ხალხს, რომელსაც მთელი ცხოვრება შრომაში აქვთ გატარებული, მთელი ცხოვრება ცული და სხვა ხელსაწყოები არ გაუგდია ხელიდან, თაღლითობის მუხლი წაუყენეს ბრალი და კრიმინალებად გამოაცხადეს. კომპანიები, რომლებიც მოდიან ასე, რომ თქვენ ხართ დამნააშევები, თქვენ უნდა გადაგთხაროთ, ისინი კარგს არაფერს გვიქადიან.

მინდა ასევე შევაჩერო თქვენი ყურადღება იმ საუბარზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ შედგა, 200-200 მეტრით გადაგთხრით, მთლიანად არაო. უკაცრავად, მაგრამ ჩვენ დავაფიქსირეთ მყარი პოზიცია, ჩვენ არც 200-200 მეტრით გადათხრა გვინდა, თქვენი ლიცენზიის გაუქმებაც გვინდა, რომელიც უკანონოდ გაქვთ მოპოვებული და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. იმიტომ, რომ ჩვენთან არის სიმართლე,“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სიტყვით მიმართვისას.

დღევანდელ აქციას უერთდებიან „რიონის ხეობის მცველები“ და ასევე ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათგან ერთ-ერთი „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (ყოფილი EMC-ს) სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თათული ჭუბაბრიაა.

მათგან ერთ-ერთი „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (ყოფილი EMC-ს) სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თათული ჭუბაბრიაა.

„დაახლოებით, იანვრის თვიდან დაიწყო დევნა მოსახლეობაში. სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა თაღლითობის მუხლით, რომ მათ არაკანონიერი გზებით ჰქონდათ მიწები დამტკიცებული, შემდეგ ამას მოჰყვა ივლისის თვეში ორი ლიცენზიის გაცემა და ამ შემოდგომაზე, „მწვანე ალტერნატივამ“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ ერთობლივად მოვითხოვეთ ამ ლიცენზიების ბათილობა. საფუძველი არის ის, რაც სახეზეა – მონაწილეობის გარეშე მოხდა ამ ლიცენზიების გაცემა,“ – ამბობს ჭუბაბრია „მაუწყებელთან“ საუბრისას.

მოსახლეობის საპროტესტო აქცია შქმერში, 21 ნოემბერი. ფოტო: ნეტგაზეთი

მოსახლეობის საპროტესტო აქცია შქმერში, 21 ნოემბერი. ფოტო: ნეტგაზეთი

თათული ჭუბაბრია განმარტავს, რომ ლიცენზიები სამწლიანი და ჯერჯერობით მხოლოდ შესწავლასა და მანგანუმის მარაგების დადგენას გულისხმობს. თუმცა, ამ პროცესშიც კი მოსახლეობის აზრი სრულიად უგულებელყოფილი რჩება.

„ვერ ვისწავლეთ ვერც ჭიათურის მაგალითი, სადაც მანგანუმის მოპოვებამ დააზარალა არაერთი სამოსახლო არეალი და ვერ ვისწავლეთ, რა თქმა უნდა, ასევე ნამოხვანიდანაც, სადაც ასევე გამოთიშული იყო მოსახლეობა მთავარი ეტაპებიდან და ისე გაიყიდა ეს იდეა და პროექტი და შემოსავლის შესაძლებლობა კომპანიისთვის, რომ არავისთვის უკითხავს ადგილობრივი მოსახლეობის აზრი,“ – ამატებს ის.


„სოციალური სამართლიანობის“ ცენტრმა და „მწვანე ალტერნატივამ“ ლიცენზიები 26 ოქტომბერს გაასაჩივრეს. მაშინ, ორგანიზაციამ ერთობლივ განცხადებაში დაწერა:

„სოფელ შქმერში წიაღის ეროვნულმა სააგენტომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ორი ლიცენზია მიმდინარე წლის ივლისში გასცა. როგორც აუქციონის გამოცხადების, ისე ლიცენზიის გაცემის მომენტში სააგენტომ დაარღვია ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დაწესებული გარანტიები და ვალდებულებები გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ინფორმირებისა და მონაწილეობის შესახებ.

დარღვეულია ორჰუსის კონვენცია, რომელიც გარემოსდაცვითი საკითხების თაობაზე საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის ვალდებულებას განსაზღვრავს და დაუშვებლად მიიჩნევს გადაწყვეტილებების მის გარეშე მიღებას,“.

ვრცლად წაიკითხეთ განცხადება წაიკითხეთი აქ.

რაც შეეხება უშუალოდ ლიცენზიებს, „მწვანე ალტერნატივის“ ინფორმაციით, 2021 წლის 3 ივნისის სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსმა მიიღო გადაწყვეტილება ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში 153,1070ჰა ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების შესახებ.

ამ გადაწყვტილების საფუძველზე 2021 წლის 7 ივლისს ჩატარებულ აუქციონზე ორი ლიცენზია გაიყიდა. ერთი „შპს „ტექნოლოჯი 2021“-მ, მეორე კი „შპს „მნ ნორთი“-მ შეიძინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი