საზოგადოება

ხელისუფლებამ შქმერში მანგანუმის მოპოვება შეაჩერა

6 თებერვალი, 2022 • 2134
ხელისუფლებამ შქმერში მანგანუმის მოპოვება შეაჩერა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა შეუჩერა შპს „ტექნოლოგი 2021“-ს, რომელიც ონის რაიონის სოფელ შქმერში მანგანუმს მოიპოვებდა.

შესაბამისი განცხადება სააგენტომ 6 თებერვალს გაავრცელა. უწყების თანახმად, გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრის დავალებით სოფელ შქმერში შპს „ტექნოლოგი 2021“ – ისა და შპს „მნ ნორთი“ – ს მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის შესწავლა.

“სააგენტოს თანამშრომლებმა, შემოწმების შედეგად, შპს „ტექნოლოჯი 2021“ – ის მიერ ცალკეული სალიცენზიო პირობების დარღვევები გამოავლინეს. რაც შეეხება შპს „მნ ნორთი“ – ს, კომპანიას სალიცენზიო საქმიანობა არ დაუწყია.

გამოვლენილ დარღვევებზე, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ონის მაგისტრატ სასამართლოში გადაიგზავნა. კანონმდებლობით გათვალისწინებულია ლიცენზიანტისთვის გონივრული ვადის მიცემა სალიცენზიო პირობების დასაცავად და ჯარიმის დაკისრება. სასამართლო სხდომა ჯერ არ ჩატარებულა.

ამასთან, წიაღით შესაძლო უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით, 2021 წლის 22 ნოემბერს საქმის მასალები, კომპეტენციის ფარგლებში, შესწავლისა და შემდგომი რეაგირების მიზნით გაიგზავნა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

სააგენტოს თქმით, “დღეის მდგომარეობით, შპს „ტექნოლოგი 2021“ – ისთვის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა შეჩერებულია”.

“გარდა ამისა, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში ლიცენზია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე აღარ გაიცემა”.


საქართველოს წიაღის ეროვნულმა სააგენტომ შქმერის მანგანუმის მოპოვების შესახებ 2021 წელს 3 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.

სამივე აუქცინი თითქმის 6 საათისა და 30 წუთის განმავლობაში, მაშინ, როდესაც ელექტრონულ აქუციონზე სააგენტოს მიერ გამოტანილი სხვა ლოტები, როგორც წესი, რამდენიმე დღე, ზოგჯერ კი კვირაც გრძელდება.

წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ მანგანუმის მოპოვებისა და შესწავლის ლიცენზიების გაცემას შქმერის მოსახლეობა ჯერ კიდევ გასულ წელს აპროტესტებდა.

ადგილობრივები ამბობდნენ, რომ სოფელში მანგანუმის მოპოვება ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევდა. ისინი  ლიცენზიების გაუქმებას ითხოვდნენ.

არქივიდან:

როგორ მოიპოვებენ მანგანუმს შქმერში შქმერელების ნების წინააღმდეგ — დეტალურად

მასალების გადაბეჭდვის წესი