შქმერში მანგანუმი მოპოვების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო ღონისძიებების მონაწილეთა და მხარდამჭერთა მიმართ ფეისბუკზე მადისკრედიტებელი პოსტები გაჩნდა.
ფეისბუკ გვერდები – „რაჭველები“, „მემატიანე“ და „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ – დამაკნინებელ და შეურცხმყოფელ პოსტებს აფინანსებენ, ანუ ფულს იხდიან, რათა ის რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახოს ფეისბუკზე.
გვერდებს შორის ყველაზე ხშირად შქმერის პროტესტის შესახებ „რაჭველები“ პოსტავს. „რაჭველები“ საჯარო ჯგუფია, რომელზეც პირველი პოსტი 6 დღის წინ აიტვირთა.
ძირითადად გვერდი აქვეყნებს რაჭის რეგიონთან დაკავშირებულ ფოტო-ვიდეომასალას. მათ შორის, რამდენიმე უშუალოდ შქმერის მოსახლეობის პროტესტს ეხება — აშარჟებს და მონაწილეებს შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს. ერთ-ერთ მათგანში კი შქმერის პროტესტის მონაწილეებს „ჩინურ ვარლამად“ მოიხსენიებს.
„გვებრძვიან, ოღონდ რისთვის გვებრძვიან — არ იციან“
ცოტნე გლოველი ერთ-ერთია, ვინც შქმერში მიმდინარე აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია. შესაბამისად, სხვებთან ერთად, მადისკრედიტებელ პოსტებში ისიც მოხვდა. ნეტგაზეთთან საუბარში ის ამბობს, რომ სერიოზულად ვერ შეაფასებს მსგავსი „ფეიკ“ გვერდების აქტივობას.
„რას უნდა ვუკავშირებდეთ? რაღაც „ფეიკ“ გვერდები შეიქმნა და გვებრძვიან. რისთვის გვებრძვიან, არ იციან. როგორც ხდება, ვიღაცას არ აწყობს.. ვიღაც იმასაც წერს, რომ თითქოს რუსეთიდან ვიმართებით. ამაზე მეცინება უბრალოდ, მეცინება მათ საქციელზე, სხვა რეაქცია არ მაქვს“ — უთხრა ცოტნე გლოველმა ნეტგაზეთს.
გლოველი ამბობს, რომ მთელი სოფელი ერთიანია შქმერის გადარჩენისა და ლიცენზიების გაუქმების მოთხოვნაში.
მანამდე დეზინფორმაცია და ე.წ. ფეიკ ნიუსები ვრცელდებოდა „რიონის ხეობის მცველებზეც“.
რა ხდება შქმერში?
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ შქმერის მანგანუმის მოპოვებისა და შესწავლის ლიცენზიების გაცემას სოფლის მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.
ადგილობრივების თანახმად, სოფელში მანგანუმის მოპოვება ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს და ისინი წიაღისეულის მოპოვების გაცემული ლიცენზიების გაუქმებას ითხოვენ. როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ წერს, ლიცენზიების გაცემამდე რამდენიმე თვით ადრე, 2021 წლის იანვარში, ლიცენზიის მოპოვებით დაინტერესებული პირების განცხადების საფუძველზე ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა – „ადგილობრივებს, ვინც საკუთარ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული მიწები 2018-2020 წლებში კანონიერად დაიმტკიცეს, სახელმწიფო ახლა ამ მიწის ნაკვეთების თაღლითური გზით დარეგისტრირებას ედავება,“.
მანგანუმის მოპოვების მოწინააღმდეგეთა თანახმად, საერთო კრების ოქმი, თითქოს მოსახლეობა თანხმდებოდა ნედლეულის მოპოვებას, გაყალბებულია.
ვრცლად, წაიკითხეთ:
როგორ მოიპოვებენ მანგანუმს შქმერში შქმერელების ნების წინააღმდეგ — დეტალურად