ანზორ მელია აცხადებს, რომ გორის ჰოსპიტალში ყველა პირობაა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ.
ის მოუწოდებს სააკაშვილს, გადავიდეს აღნიშნულ კლინიკაში. ასევე, სახალხო დამცველსა და მის მიერ შექმნილ კონსილიუმს, რომ მიხეილ სააკაშვილი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდეთ.
„ახლა არ ვიცი, რა მდგომარეობაა გორის ჰოსპიტალში, თუმცა, იმის ნახევარი შრომა რომ დახარჯონ, რასაც ხარჯავდნენ ციხის საავადმყოფოში, გორის საავადმყოფოს ყველა პოტენციალი აქვს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო იყოს”,- თქვა ანზორ მელიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, თავად რას ურჩევდა მიხეილ სააკაშვილს, ის პასუხობს:
„ბატონმა მიხეილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა და შიმშილობის შემდეგ მისი მართვა უფრო რთული იქნება, რადგან წუთობრივად იქნება მისთვის მისაცემი სითხე, ვიტამინები… ვფიქრობ, ამ სახელმწიფოს თუ უნდა ის გადარჩეს და სრულყოფილი იყოს, უნდა ჩამოიყვანოს უცხოეთიდან სპეციალისტები, რომლებიც გამოცდილები იქნებიან შიმშილობის შემდეგ პერიოდის მართვაში“.
დამატებით ჩაკითხვაზე, ურჩევს თუ არა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე: “აუცილებლად, ორი აზრი არ არის. უნდა დათანხმდეს აუცილებლად. იქ არის პირობები [სამკურნალოდ]..”, – განაცხადა ანზორ მელიამ.
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სამინისტრო სთავაზობს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას გიორგი აბრამიშვილის სახელობის, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში [გორის სამხედრო ჰოსპიტალი]. ამის შესახებ ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ვთავაზობთ, რომ გადავიყვანოთ გიორგი აბრამიშვილის სახელობის, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ მას გადაიყვანენ რუსთავის #12 დაწესებულებაში.
აქვე ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას, შემდგომ – სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება #18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე”, – განაცხადა ბრეგაძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. გუშინ, 18 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ის გლდანის ციხის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, მან გონება დაკარგა.