საზოგადოება

რა მოხდა ზუგდიდში?

2 ნოემბერი, 2021 • 5519
რა მოხდა ზუგდიდში?

ზუგდიდის მერის არჩევნების პირველ ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ანზორ მელია „ქართული ოცნების“ კანდიდატ მამუკა წოწერიას 5.73%-ით უსწრებდა, თუმცა მეორე ტურში 3.2%-იანი სხვაობით დამარცხდა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ეს შედეგი არ ასახავს ზუგდიდელი ამომრჩევლის რეალურ არჩევანს და პროცესი გაყალბდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ამომრჩევლის დაშინების, მოსყიდვისა და ნების კონტროლის ფონზე.

„ქართულ ოცნებაში“ და ცესკოში ოპოზიციის ბრალდებების უარყოფენ. „ნეტგაზეთი“ ამ სტატიაში აჯამებს ოპოზიციური პარტიის არგუმენტებს.

შედეგები და უნდობლობა

ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში ზუგდიდის მერობის კანდიდატების მიღებული ხმების რაოდენობა და პროცენტული წილები ასე გადანაწილდა:

  • ანზორ მელია „ნაციონალური მოძრაობიდან“ – 23 934 ხმა, რაც ხმების 46.88%-ია;
  • მამუკა წოწერია „ქართული ოცნებიდან“ – 21 007 ხმა, 41.15%-ია;
  • გეგა შენგელია გიორგი გახარიას პარტიიდან – 5 861 ხმა, რაც 11.13%-ია;
  • ილია ჩაჩიბაია „პატრიოტთა ალიანსიდან“ – 428 ხმა, რაც 0.84%-ია.

მეორე ტურში, ცესკოს პირველადი შედეგებით, მამუკა წოწერიამ, რომელიც საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარეა, ანზორ მელიას (ექიმს, ენმ-ის ლიდერი ნიკა მელიას მამას) 51.6%-ით 48.4% სძლია. მიღებული ხმების რაოდენობა კი ასე გადანაწილდა:

  • ანზორ მელია – 25 863
  • მამუკა წოწერია – 27 607

ამ მონაცემების თანახმად, წოწერიამ მეორე ტურში დამატებით 6600 ხმა მიიზიდა, მელიამ კი, მხოლოდ 1929 ხმა. მეორე ტურში კანდიდატების მიღებულ ხმებს შორის სხვაობამ 1744 შეადგინა.

თუმცა ოპოზიციაში ცესკოს ოფიციალურ შედეგებს უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ შედეგები, – როგორც სხვა ოლქებში, – ზუგდიდშიც გაყალბებულია.

გაყალბების მექანიზმად პარტიაში ასახელებენ „კარუსელებს“, ენმ-ის სასარგებლო ბიულეტენების გაბათილებას, ენმ-ის კოორდინატორების დაკავებას „გამოგონილი მიზეზებით“ და „იარაღის ჩადებას“, კოვიდუბანზე მმართველი გუნდის სასარგებლოდ ბალანსის დასმას და ა.შ..

„პირადობის მოწმობების ჩამორთმევა“/„მოსყიდვა“

ანა წითლიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც სათავეში ედგა ანზორ მელიას შტაბს, „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ამომრჩევლისთვის პირადობის მოწმომების ჩამორთმევა გახდა.

როგორც ანა წითლიძე ამბობს, პირადობის მოწმობებს კენჭისყრის დღემდე ართმევდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებს, რათა მათ ვეღარ შესძლებოდათ უბანზე მისვლა და ხმის მიცემა ხელისუფლების ოპონენტისთვის.

მისი თქმითვე, ეს პრაქტიკა, ერთი მხრივ, ამცირებს კენჭისყრაზე მისული ამომრჩევლის საერთო რაოდენობას, მეორე მხრივ კი, ოპოზიციური ამომრჩევლის რაოდენობას, როცა მამრთველი გუნდის ამომრჩეველი ასეთ ცვლილებას არ განიცდის, რაც საბოლოო ანგარიშში „ოცნებას“ ანიჭებს წილობრივ უპირატესობას.

წითლიძემ „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში ამ პრაქტიკის რამდენიმე მაგალითი ჩამოთვალა:

  • „მაგალითად, სოფელ ოქტომბერში გვქონდა შემთხვევა, როდესაც არჩევნების წინა ღამეს, წვრილმანი დანაშაულის გამო დაპატიმრებული პირის გათავისუფლების სანაცვლოდ, მისი ოჯახის წევრებს მიატანინეს 30 პირადობა;
  • კვლავ სოფელ ოქტომბერში ონკოლოგიურ პაციენტს მიატანინეს 40 პირადობა [მკურნალობის ხელშეწყობის სანაცვლოდ];
  • სოფელ ცაიშის მხოლოდ ერთ უბანზე 60 პირადობა ჩამოართვეს ამომრჩევლებს;
  • ჭითაწყარში 70-მდე პირადობა ჩამოართვეს;
  • ქალაქ ზუგდიდში, ლომოურის ქუჩაზე 45 პირადობა იყო ჩამორთმეული.

„ნეტგაზეთის“ კითხვაზე ანი წითლიძე ამბობს, რომ პარტიას არა აქვს ამის ამსახველი ფოტომასალა, ვინაიდან ეს რისკებთანაა დაკავშირებული. თუმცა ასევე ამბობს, რომ მსგავსი ინფორმაციები, რაც მათთვის სარწმუნოა, მისდით მხარდამჭერებისგან.

წითლიძე ამბობს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ამომრჩევლებს პირადობის მოწმობების სანაცვლოდ გარკვეულ თანხასაც სთავაზობდნენ.

რას ამბობენ „ოცნებაში“?

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ზუგდიდში მეორე ტურში პირადობის მოწმობის ჩამორთმევის სანაცვლოდ თანხის გადაცემის რამდენიმე შემთხვევა განხორციელდა.

სავარაუდო მოსყიდვა პირველ ტურშიც დაფიქსირდა. მაგალითად, ISFED-ის ცნობით, მე-5 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა „საარჩევნო უბნის დამკვირვებლის მიერ თანხის გადაცემა უბანზე მისული ამომრჩევლისთვის. თანხის გადაცემის შემდეგ ისინი ერთად შევიდნენ უბანზე“.

თუმცა, როგორც წითლიძე ამბობს, „როდესაც მოსყიდვამ ვერ გაჭრა, შემდეგ დაიწყეს პირობით მსჯავრით გამოშვება, რის სანაცვლოდაც პირადობებს ითხოვდნენ, სოფელს ანამუსებენ, „პატიმარია და თქვენი 30 პირადობა რა გახდა, ციხიდან ვუშვებთ ადამიანს“. მსგავსი შემთხვევები მრავლად გვქონდა“.

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბში წითლიძის ამ ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ისინი უსაფუძვლოა. „მაგალითად, თვითონ იმ ონკოპაციენტმა, რომელზეც წითლიძემ ისაუბრა, განაცხადა, რომ ეს იყო მორიგი სიცრუე და იგი იყო ტყუილის მსხვერპლი, ასევე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა, რაც არაეთიკურია“, – განუცხადეს „ნეტგაზეთს“ ზუგდიდის შტაბში.

ამასთან, შტაბის თანახმად, „არცერთი პირადობა არავისთვის არ წაურთმევიათ“ და „ამის ვერც ერთი ფაქტი ვერ დადეს“.

მართალია, მეორე ტურში მსგავსი ფაქტების დამამტკიცებელი მასალა არ გამოქვეყნებულა, თუმცა პირველი ტურის წინ ანი წითლიძემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს პირი, რომელსაც ათობით პირადობის მოწმობა უჭირავს.

წითლიძის კადრებში ჩანს ზუგდიდის სოფელ რიყეში მყოფი მოქალაქე მაყვალა ანთია, რომელსაც ხელში მოქალაქეთა პირადობები უჭირავს. იგი ვიდეოში ამბობს, რომ მისთვის მოქალაქეებისთვის პირადობის გამორთმევა არავის დაუვალებია და თავისი ინიციატივით გააკეთა, ხოლო როდესაც გაიგო, რომ არ შეიძლებოდა, დაბრუნება დააპირა და სწორედ აღნიშნულ მომენტში აპირებდა მათ დაბრუნებას.

„კარუსელი“ – რა არის და როგორ მუშაობს?

არჩევნების დღის მიმდინარეობისას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა რამდენჯერმე განაცხადეს, რომ მმართველი გუნდი სხვადასხვა უბანზე, – იქ, სადაც ოპოზიციური ამომრჩეველი მრავლად იყო, – „კარუსელის დატრიალებას“ გეგმავდა. მსგავსი ბრალდებები პირველ ტურშიც იყო.

„ნეტგაზეთთან“ საუბარში სადამკვირვებლო ორგანიზაცია ISFED-ის იურისტი გიორგი მონიავა განმარტავს, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ძირითადად ორი ტიპის „კარუსელი“ გამოიყენებოდა: „სტანდარტული“ და „სომხური“.

პირველი ტიპის კარუსელი გულისხმობს პრაქტიკას, როდესაც პირი ან პირთა ჯგუფი გადაადგილდება რამდენიმე უბანზე და მრავალჯერადად აძლევს ხმას. ამ სქემის განსახორციელებლად საუბნო კომისიის, სულ მცირე, ორი წევრის ხელშეწყობაა საჭირო: ნაკადის მომწესრიგებლისა და რეგისტრატორის.

ნაკადის მომწესრიგებელი, – რომელიც უბნის კართან დგას და ამოწმებს შემომსვლელის პირადობის მოწმობასა და მარკირებას, – გაფრთხილებულია, რომ კარუსელის განმახორციელებელი პირ(ებ)ი მარკირების შემოწმების გარეშე უნდა შეუშვას.

უბანზე შესვლის შემდეგ „კარუსელის“ განმახორციელებელმა პირმა იცის, თუ რომელ რეგისტრატორთან უნდა მივიდეს. რეგისტრატორი არის კომისიის წევრი, რომელიც მარკირების სითხეს ასხურებს ამომრჩეველს, ამოწმებს პირადობის მოწმობას და ამომრჩეველთა სიაში პირს საკუთარი სახელის გასწვრივ აწერინებს ხელს, რის შემდეგაც მას ბიულეტენ(ებ)ს გადასცემს.

რეგისტრატორიც გაფრთხილებულია, რომ მასთან „კარუსელის“ მონაწილე პირი უნდა მივიდეს. მან ასევე იცის, თუ ამომრჩეველთა სიიდან ვინ შეიძლება არჩევნებზე არ მივიდეს: ვინ იმყოფება უცხოეთში, გარდაცვლილია ან არასოდეს მონაწილეობს არჩევნებში. იგი „კარუსელის“ განმახორციელებელს სწორედ ასეთი ამომრჩევლის სახელის გასწვრივ აწერინებს ხელს, რის შემდეგაც გადასცემს ბიულეტენ(ებ)ს. ამის შემდეგ კი აღნიშნული აკეთებს არჩევანს, ათავსებს ბიულეტენებს კონვერტში და საარჩევნო ყუთში ათავსებს.

„სომხური კარუსელი“ მცირედით განსხვავდება ამ პრაქტიკისგან და აქ არაა აუცილებელი საუბნო კომისიაში წევრებთან წინასწარი შეთანხმება. ასეთ შემთხვევაში, წინასწარ გადაბირებული თუ დაშინებული ამომრჩეველი იღებს ბიულეტენებს, შედის ხმის მისაცემ კაბინაში, თუმცა ერთ ცარიელ ბიულეტენს მალულად ინახავს და გარეთ გააქვს.

მას ეს ცარიელი ბიულეტენი მიაქვს კოორდინატორთან/კარუსელის ხელმძღვანელ პირთან. ეს უკანასკნელი შემოხაზავს იმ სუბიექტს, რომლისთვისაც კეთდება „კარუსელი“ და შემოხაზულ ბიულეტენს შემდეგ ამომრჩეველს გადასცემს, რომელმაც ქმედებების იგივე ციკლი უნდა გაიაროს.

თუკი პირველ შემთხვევაში, საუბნო კომისიის სხვა წევრებისა და დამკვირვებლების მიერ ნაკადის მომწესრიგებლისა და რეგისტრატორის კონტროლისა და ზედამხედველობის შემთხვევაში, „კარუსელის“ ამოცნობა და ჩაშლა შესაძლებელია, მეორე შემთხვევაში ეს კიდევ უფრო რთულდება.

„კარუსელები“ ზუგდიდში?

30 ოქტომბერს, მეორე ტურის კენჭისყრისას, ენმ და სადამკვირვებლო ორგანიზაციები ზუგდიდში შესაძლო კარუსელის შემთხვევებზე საუბრობდნენ. ანი წითლიძე „ნეტგაზეთს“ ეუბნება, რომ „კარუსელის“ ორივე ტიპი გამოიყენებოდა, თუმცა მეორე ტურებში ძირითადად „სტანდარტული კარუსელები“ მოაწყვეს:

„ადამიანები შემოდიოდნენ ისეთი მოქალაქეების ყალბი პირადობებით, რომლებიც ამომრჩეველთა სიაში არიან ჩაწერილები, თუმცა ცხოვრობენ საზღვარგარეთ. მეორე ტურზე ეს მოხდა მასობრივად“.

ანი წითლიძის თქმით, „ამას აკეთებდნენ ძირითადად ქალაქში, რადგან სოფლებში ჩვენმა წარმომადგენლებმა მეტნაკლებად იციან, ვინ ვინ არის, სად არის და უცხო ადამიანი ასე ვერ შევა უბანზე, ქალაქში რთულია, ჩვენმა წარმომადგენლებმა სახეზე იცნონ ყველა“.

აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი ტიპის „კარუსელის“ აღმოჩენას სჭირდება რეგისტრატორზე ზედამხედველობა. თუმცა ანა წითლიძემ 30 ოქტომბერს, კენჭისყრის პროცესის დაწყების შემდეგ პირველივე ბრიფინგზე, დაახლოებით 12 საათისთვის, განაცხადა, რომ ხმის მიცემის პროცესის დაწყებიდანვე ქალაქის ყველა უბანზე მათ დამკვირვებლებს და წარმომადგენლებს მასობრივად შეეზღუდათ სამაგიდო სიების კონტროლი, – მათ ამის საშუალება კომისიის წევრებმა და თავმჯდომარეებმა არ მისცეს.

სადამკვირვებლო ორგანიზაცია ISFED-ის ანგარიშში, რომელიც პირველ ტურს მიმოიხილავს, აღნიშნულია, რომ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა 90-ე უბანზე „დააფიქსირეს მარკირების გარეშე ხმის მიცემის, ხელახლა ხმის მიცემის მცდელობის ფაქტები“.

ასევე, მოყვანილია 68-ე უბნის შემთხვევა, სადაც უბანი განთავსებულია ორსართულიან შენობაში, კენჭისყრის სივრცე მოწყობილია შენობის მეორე სართულზე, თუმცა კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ნაკადის მარეგულირებელი მარკირებას ამოწმებს შენობის პირველ სართულზე, მეორე სართულზე კი უშუალოდ კენჭისყრის სივრცესთან დგას კომისიის მეორე წევრი, რომელიც არ ამოწმებს მარკირების სითხის არსებობას და მხოლოდ რიგს არეგულირებს. „შესაბამისად, მარკირების შემოწმებისა და უშუალოდ კენჭისყრის დაკვირვება ერთდროულად შეუძლებელი“ იყო.

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბში ამ ბრალდებებსაც უარყოფენ: „არანაირი კარუსელი არ მომხდარა ზუგდიდში. პროცესმა ჩაიარა ძალიან მშვიდად და თვითონ ენმ-ის წარმომადგენლები ცდილობდნენ სიტუაციის დაძაბვას იმ უბნებზე „კარუსელის“ ბრალდებებით, სადაც მარცხდებოდნენ“…

გაუქმებული ბიულეტენები და კოვიდუბანი

ანი წითლიძე „გაყალბების“ ხერხად ბიულეტენების გაუქმებასა და კოვიდუბნებზე მანიპულაციებსაც ასახელებს. „თავი რომ დავანებოთ „კარუსელს“, პირადობის მოწმობების ჩამორთმევას, დაშინებასა და მოსყიდვას, რომ შევაჯამოთ ბათილი ბიულეტენები და კოვიდუბანზე მანიპულაციები, უკვე მივიღებთ იმდენ ხმას, რამდენით მეტიც წოწერიას უწერია“, – ამბობს იგი.

როგორც აღვნიშნეთ, მეორე ტურში კანდიდატების მიღებულ ხმებს შორის სხვაობამ 1744 შეადგინა. ცესკოს ვებგვერდზე ატვირთული ოქმების შეჯამებით, ზუგდიდის მერის არჩევნებში, 67-ე ოლქის 109-ვე საარჩევნო უბანზე, ჯამში, 1355 ბიულეტენი გაბათილდა. ეს ნიშნავს, რომ მეორე ტურში მისული ამომრჩევლის 2.5%-ის ხმა გაბათილდა. ცესკო აცხადებს, რომ მეორე ტურში ქვეყნის მასშტაბით გაბათილდა ბიულეტენების 2.96%, ეს მაჩვენებელი კი გასულ წლებთან შედარებით „ცალსახად შემცირებულია“.​​

რაც შეეხება კოვიდუბანს: ზუგდიდის 109-ე, ე.წ. კოვიდუბანზე წოწერიამ ხმების 85.9% მიიღო, ენმ-ის კანდიდატმა ანზორ მელიამ კი- 14.1%. უბანზე 409 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, ხმა კი სულ 381-მა ადამიანმა მისცა. შედეგების თანახმად, მათგან მხოლოდ 53-მა მისცა ხმა ანზორ მელიას, მამუკა წოწერიამ კი 324 ხმა მიიღო. 4 ბიულეტენი გაბათილდა. ეს მაშინ, როდესაც მიღებული უპირატესობა ძირითადად 5-10%-ში მერყეობს.

ვრცლად ამ თემაზე, საოლქო კომისიის თავმჯდომარის საპასუხო კომენტარებით:

ადმინისტრაციული რესურსი და ხალხის მობილიზება

პარტიებისა და არასამთავრობოების თანახმად, ხშირი იყო ადმინისტრაციული რესურსისა და ამომრჩევლის მობილიზების ფაქტებიც ქვეყნის მასშტაბით.

ზუგდიდში არაერთ უბანთან იმყოფებოდნენ (მაგალითად, 86-ე უბანთან) ორგანიზაციების, „მწვანე დედამიწისა“ და „საზოგადოებრივი გაერთიანების“ წარმომადგენლები, რომლებიც აღრიცხავდნენ მისულ ამომრჩევლებს.

„ნეტგაზეთისთვის“ ცნობილია ფაქტები, როდესაც მეორე ტურში უბნებში გადაადგილდებოდნენ ავტომობილები, რომლებსაც „ქართული ოცნების“ პოტენციური ამომრჩევლები, სკოლებში, სსიპ-ებში დასაქმებული პირები მიჰყავდათ.

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციითვე, ხდებოდა ავტომობილის მფლობელი/ კოორდინატორებისთვის სანდო პირებისთვის საწვავის ტალონების გადაცემა, რათა მათ მსგავსი ამომრჩეველი უბნებზე ეტარებინათ.

ISFED-ს ასევე აღწერილი აქვს ზუგდიდში ამომრჩევლის სახელობითად აღრიცხვა.

ყოფილი ძალოვნების დაკავებები

მეორე ტურამდე 1-2 კვირის შუალედში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდთან დაკავშირებული ორი ყოფილი ძალოვანი დააკავა, რომლებსაც პოსტები ენმ-ის მმართველობის დროს ეკავათ.

თავდაპირველად, 21 ოქტომბერს, დააკავეს ლექსო რაფავა, ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი, და გაჩხრიკეს რუსლან შამახიას სახლი. შამახია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ის) ყოფილი ხელმძღვანელი იყო ზუგდიდში.

მოგვიანებით, 29 ოქტომბერს, ზუგდიდში დააკავეს ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსი ამირან ჯანაშია. რაფავასაც და ჯანაშიასაც იარაღის უკანონო ტარება ედებათ ბრალად.

თუმცა ენმ დარწმუნებულია, რომ მათი დაკავების მიზეზი პოლიტიკურად მოტივირებულია და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება.

კერძოდ, როგორც ნიკა მელიამ განაცხადა 29 ოქტომბერს, ჯანაშია პარტიის არა მხოლოდ აქტიური მხარდამჭერი იყო, არამედ აქტიურად ეხმარებოდა სამეგრელოში, ზუგდიდში, რუხში, ამომრჩეველთა მობილიზებაში. რაც შეეხება რაფავას და შამახიას,  პარტიის ლიდერების თქმით, ისინი ენმ-ს ეხმარებოდნენ 2 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ.

როგორც ანი წითლიძემ უთხრა „ნეტგაზეთს“, ისინი, როგორც ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი წარმომადგენლები, „კარგად იცნობდნენ, თუ ვინ იყვნენ ის „ძველი ბიჭები“, რომლებიც უბნებზე მოძრაობდნენ და მოსყიდვის კამპანიას კურირებდნენ“.

„სწორედ ისინი გვაწვდიდნენ ინფორმაციას კანონიერი ქურდების შეკრებებთან დაკავშირებით, სად იყო, სად იკრიბებოდნენ, რის შემდეგაც მე მივდიოდი მათთან. ეს ადამიანები გვაწვდიდნენ ინფორმაციას „კარუსელებთან“ დაკავშირებით“.

წითლიძის თანახმადვე, სწორედ ისინი შიფრავდნენ გაყალბების სქემებს და „ხელმძღვანელობდნენ ოპერატიულ ჯგუფებს, რომლებიც უბნების გარეთ იყვნენ მობილიზებული „ძველი ბიჭების“ წინააღმდეგ“.

„ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ეს ადამიანები იყვნენ ძალიან მნიშვნელოვანი ძალა ჩვენთვის. ამიტომაც დააკავეს გამოგონილი ბრალდებებით“, – აცხადებს წითლიძე და დასძენს, რომ დაკავების ამ პროცესმა მთელი ერთი კვირის განმავლობაში ზუგდიდში საარჩევნო კამპანიის შეფერხება გამოიწვია, რადგან შტაბი ამ საკითხზე იყო გადართული.

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბში ყოფილი ძალოვნების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ და „ნეტგაზეთს“ შსს-სთან ამისამართებენ. შსს კი მათ ედავება იარაღის უკანონო ტარებას. კრიმინალური პოლიციის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, რომ სამეგრელოში „სტანდარტული საპოლიციო ღონისძიებები განხორციელდა რეგიონში, აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის“.

მასალების გადაბეჭდვის წესი