ახალი ამბები

„სანამ მიშას არ გადაიყვანენ, არ უნდა დავიშალოთ“ – მელია

19 ნოემბერი, 2021 • 1236
„სანამ მიშას არ გადაიყვანენ, არ უნდა დავიშალოთ“ – მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართავს და აცხადებს, რომ აქცია იქამდე არ დაიშლება, სანამ მიხეილ სააკაშვილს საავადმყოფოში გადაყვანილს არ ნახავენ.

ნიკა მელიას განცხადებით, მსჯავრდადებულ ექსპრეზიდენტს გლდანის მე-18 დაწესებულებაში ამ წუთებში ეკა ხერხეულიძე ხვდება, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააკაშვილი და დათანხმდება თუ არა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შეთავაზებას:

„მე აქ დღეს კონკრეტული გეგმით ვარ წარმოდგენილი, რომელიც უნდა გამეცნო თქვენთვის. გეგმა, რომელიც იქნებოდა სისრულეში მოყვანილი უმწვავესი, მაგრამ არაძალადობრივი ფორმით. გზაში დაგვაწიეს ცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ გორის ჰოსპიტალში. რა თქმა უნდა, გორის ჰოსპიტალში გადაყვანა რომ სდომოდათ, გლდანში კი არ გადაიყვანდნენ, სადაც არანაირი სამკურნალო შესაძლებლობა არ არსებობს, რაც სამმა სხვადსხვა კონსილიუმმა დაამტკიცა, მაგრამ თქვენმა არაძალადობრივმა ბრძოლამ გამოიწვია ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება საათობრივად აკეთებს მხარდასაჭერს განაცხადებს.

რომ არა ეს ბრძოლა, არცერთი განცხადება დღეს არ გაკეთდებოდა. ეს არის ის, რაც უნდოდა „ქართულ ოცნებას“, რომ ჩავეთრიეთ ძალადობრივ პროცესებში და პროცესები ძალადობრივად წარმართულიყო და მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში თავი აქვს უბრალოდ „ქართულ ოცნებას“ მოჭრილი, მთელი მორალური უპირატესობა საზოგადოების მხარესაა და ოლიგარქს თოფიანი ადამიანების გარდა არაფერი დარჩა. ისინი ეძებდნენ გზას, როგორ გამოეყენებინათ ძალა და მიხეილ სააკაშვილი უარეს მდგომარეობაში ჰყოლოდათ“, – ამბობს ნიკა მელია.

ენმ-ის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლებამ იცოდა, რომ ოპოზიცია რუსთაველზე კონკრეტული გეგმით იყო შეკრებილი და პროტესტის ძალიან მწვავე, თუმცა არაძალადობრივი ფორმა ჰქონდათ შერჩეული.

ნიკა მელიას არ დაუკონკრეტებია, თუ რა გეგმები ჰქონდათ კონკრეტულად აქციის მონაწილეებს, თუმცა აღნიშნა, რომ 33 წლის განმავლობაში საქართველოში მსგავს პროტესტს ადგილი არ ჰქონია:

„დღეს ვაიძულეთ რეჟიმი და ხელისუფლება, გაეკეთებინა ის განცხადება, რომელიც გავაკეთეთ. მათ იცოდნენ ძალიან კარგად, თუ რას ვაპირებდით დღეს, ესეც არაძალადობრივი იქნებოდა, მაგრამ ბევრად მწვავე. ისეთი მწვავე საპროტესტო აქცია, რომელიც, გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, ამ ქვეყანას 33 წელია არ უნახავს. ის, რასაც ჩვენ დღეს გავაკეთებდით, არ უნახავს ამ ქვეყანას… არაძალადობრივი პროტესტი, რომელიც მთელი მსოფლიოს ყურადღებას მიიპყრობდა.

ახლა ჩვენ უნდა დაველოდოთ ჩვენს მეგობრებს, რომლებიც არიან შესული მიხეილ სააკაშვილთან, დაველოდოთ მის პასუხს. მე დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია იქნება სწორი და მისი სიცოცხლე რომ ძვირფასია, პირველ რიგში, მისთვის, ეს ყველაზე კარგად მან იცის. ამის შემდეგ, სანამ ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში, ჩვენ არ უნდა დავიშალოთ. დავრწმუნდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და ამის შემდეგ სხვა გეგმებზე ვისაუბრებთ“, – ამბობს ნიკა მელია.

მელიას თქმით, დღევანდელი განცხადებით, ხელისუფლებამ მარცხი აღიარა და უკან დაიხია, თუმცა ბრძოლა გრძელდება, რადგანაც, მისი შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლება მიტაცებული აქვს.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სამინისტრო სთავაზობს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას გიორგი აბრამიშვილის სახელობის, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში [გორის სამხედრო ჰოსპიტალი]. ამის შესახებ ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვთავაზობთ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას – რატი ბრეგაძე სააკაშვილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი