სამართალი

ვთავაზობთ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას – რატი ბრეგაძე სააკაშვილზე

19 ნოემბერი, 2021 • 1407
ვთავაზობთ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას – რატი ბრეგაძე სააკაშვილზე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სამინისტრო სთავაზობს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას გიორგი აბრამიშვილის სახელობის, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში [გორის სამხედრო ჰოსპიტალი]. ამის შესახებ ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ვთავაზობთ, რომ გადავიყვანოთ გიორგი აბრამიშვილის სახელობის, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ მას გადაიყვანენ რუსთავის #12 დაწესებულებაში.

აქვე ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას, შემდგომ – სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება #18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე”, – განაცხადა ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილმა კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შიმშილობა უნდა შეწყვიტოს. ამასთან, ბრეგაძე ოპოზიციას აფრთხილებს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან აქციები არ გამართონ.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. გუშინ, 18 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ის გლდანის ციხის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, მან გონება დაკარგა.

სააკაშვილი ამბობდა, რომ შიმშილობას შეწყვეტდა სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” 10 ნოემბერს განაცხადა, რომ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში კლინიკასთან აქციებს არ გამართავდნენ:

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მისი ხელმძღვანელობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ საპროტესტო აქციები არ გაიმართება იმ საავადმყოფოს გარეთ ან მის მიმდებარედ, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება გადაყვანილი. მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გამართვა დაგეგმილია სხვადასხვა ლოკაციებზე, თუმცა მესამე პრეზიდენტის ნებისმიერ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, ადგილზე ან მის სიახლოვეს, საპროტესტო აქცია არ იქნება, რათა თავიდან იქნას აცილებული ყველა სახის შესაძლო პროვოკაცია.

ჩვენი უმთავრესი მიზანია პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა და მისი ადამიანური ღირსების დაცვა, რომელიც გარდაუვალი საფრთხის წინაშეა არსებულ ვითარებაში”, – წერდა “ნაციონალური მოძრაობა” 10 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი