ახალი ამბები

იქ მხოლოდ მორიგე პერსონალია, მკურნალი ექიმი საჭირო უნარებს არ ფლობს – ჯიშკარიანი

19 ნოემბერი, 2021 • 1477
იქ მხოლოდ მორიგე პერსონალია, მკურნალი ექიმი საჭირო უნარებს არ ფლობს – ჯიშკარიანი

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ პრეზიდენტი, მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ აცხადებს, რომ ის დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ მულტიპროფილურ კლინიკაში.

„ჯანმრთლეობის მდგომარეობა არის მწვავედ კრიტიკული. სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ საჭიროებს გადაყვანას მულტიპროფილურ კლინიკაში“, – აცხადებს ჯიშკარიანი.

მისი თქმით, მე-18 დაწესებულებაში, – გლდანის ციხის საავადმყოფოში, – „არ ხორციელდება [სამედიცინო დახმარების] უწყვეტობა, არის მხოლოდ მორიგე პერსონალი და მისი მკურნალი ექიმი არ ფლობს იმ უნარებს, რომ მართოს კრიტიკულად მძიმე პაციენტის მდგომარეობა“.

„ჩვენ ახლოს ვდგავართ სიმპტომების შეუქცევად განვითარებასთან“, – განაცხადა მან.

„გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ იმის რეგულირებას, თუ ვინ შევა და გამოვა, აკეთებს არა სამედიცინო პერსონალი, არამედ ფორმიანი ადამიანები, რაც კლინიკის ტერიტორიაზე დაუშვებელია“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.

მისი თქმითვე, სააკაშვილის ნახვის საშუალება ენდოკრინოლოგს არ მიეცა.

„ჩემი მონაცემებით, ცერებროორგანული დისფუნქციითაა გამოწვეული გონების დაკარგვის ეპიზოდი და ამჟამადაც გამოხატულია ცერებროორგანული დისფუნქციით ნიშნები“, – თქვა ჯიშკარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი