ცენტრი „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემსწავლელ პარიტეტულ სამედიცინო კონსილიუმში მონაწილეობა შესთავაზა.
ჯიშკარიანის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ გუშინ, 16 ნოემბერს, ჯანდაცვის სამინისტროს ეგიდით გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელიც პარიტეტული სამედიცინო კონსილიუმის შექმნის თაობაზე გაიმართა.
მისივე თქმით, ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტთა ჯგუფი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს პარიტეტული პრინციპით შექმნილ კონსილიუმში, იმ დათქმით, თუ ეს კონსილიუმი შეიქმნება დაუყოვნებლივ და უზრუნველყოფილ იქნებ მისი დაშვება მიხეილ სააკაშვილთან და მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ინფრასტრუქტურასთან შეუზღუდავად, ასევე, მოხდება გადაწყვეტილებების მოკლე ვადაში მიღება და აღსრულება.
„მიხეილ სააკაშვილის მონახულება და მის ჯანმრთელობის მდგომარეობაში გარკვევა პარიტეტული სამედიცინო კონსილიუმის მიერ უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. ყოველი დაკარგული დღე ან საათი შესაძლოა მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგების მომტანი აღმოჩნდეს. შესაბამისად, მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს და ყველა შესაბამის უწყებას, თუ თქვენი ნამდვილი მიზანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, გთხოვთ, უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში მოაგვაროთ პარიტეტული კონსილიუმის შექმნის ფორმალური მხარე და დღესვე მიეცეს შესაძლებლობა პარიტეტულ კონსილიუმს, განახორციელოს ვიზიტი მიხეილ სააკაშვილთან, რათა მოხდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და მე-18 დაწესებულებაში არსებული ტექნიკური ინფრასტრუქტურის და ადამიანური რესურსების პოსტშიმშილობის მართვის შესაძლებლობასთან შესაბამისობის დადგენა.
ხოლო 2021 წლის 18 ნოემბერს კი კონსილიუმმა ხმათა უმრავლესობით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სად და რა პირობებში უნდა გაგრძელდეს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და როგორი იქნება მისი შიმშილობის შემდგომი მკურნალობის გეგმა. აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა იყოს სავალდებულო შესასრულებლად და დაუყოვნებლივ აღსრულდეს“, – აღნიშნულია „ემპათიის“ განცხადებაში.
მათივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ამ განცხადებზე გამოხმაურება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან უახლოეს რამდენიმე საათში არ იქნება, ჩათვლიან, რომ გუშინ ჯანდაცვის სამინისტროში გაკეთებული შეთავაზება მიზნად ისახავს არა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვას, არამედ აღნიშნულის იმიტაციას და დროის გაყვანას, რაში მონაწილეობის მიღების სურვილიც არ აქვთ.
მათივე ინფორმაციით, ცენტრ „ემპათიას“ აღნიშნულ პოზიციაზე მიღებული აქვს თანხმობა მიხეილ სააკაშვილის და მისი ადვოკატებისგან.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 48-ე დღეა შიმშილობს.
ის მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუ მას სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაიყვანენ. მიუხედავად ექიმების მოწოდებისა, ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.