ახალი ამბები

„ლომჯარიასთვის სააკაშვილი ნესტან-დარეჯანია, რომელიც უნდა გამოიხსნას“ – კობახიძე

18 ნოემბერი, 2021 • 1818
„ლომჯარიასთვის სააკაშვილი ნესტან-დარეჯანია, რომელიც უნდა გამოიხსნას“ – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „იმედთან“ აცხადებს, რომ ომბუდსმენს მიხეილ სააკაშვილის „გამოხსნა“ სურს და იცის, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებიდან ამას ვერ შეძლებს.

კობახიძის შეფასებით, ნინო ლომჯარიასთვის მიხეილ სააკაშვილის ნესტან-დარეჯანია:

„ნინო ლომჯარიასთვისაც სააკაშვილი არის ნესტან-დარეჯანი, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას და იცის, რომ გლდანიდან ვერ გამოიხსნის, მაგრამ შეიძლება სადღაც გორის ჰოსპიტლიდან ან რომელიმე სხვა ასეთი ტიპის კლინიკიდან გამოიხსნას. ეს არის მარტივი რამ. იგივე ინტერესი აქვთ, ბუნებრივია, სააკაშვილის სხვა თანამზრახველებს, ეს არის მარტივი ინტერესი. ჩვენ უნდა ავწონ-დავწონოთ ყველაფერი და მივიღოთ გადაწყვეტილება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხოების რისკებზე, დარწმუნებულნი ვართ, რომ სამართალდამცავი ორგანოები იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე და არც ვინმეს მოტაცების და გატაცების საშუალებას მისცემენ და არც არაფერი.

მაგრამ როდესაც ვხედავთ, რომ ადამიანები არიან ყველაფერზე წამსვლელი, ჩვენ უბრალოდ ვფიქრობთ იმაზე, რამდენად ღირს ადამიანების სიცოცხლე [გავრისკოთ].. .წარმოიდგინეთ თავდასხმა სამოქალაქო კლინიკაზე, ჩვენ არ გვინდა, პირველ რიგში, ადამიანების სიცოცხლე დავაყენოთ თუნდაც მინიმალური რისკის ქვეშ. რომ იყოს პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი სააკაშვილი, ის დღესვე შეწყვეტდა შიმშილობას… კაცი რომ იყოს მიხეილ სააკაშვილი, მარტო ელენე ხოშტარიას გამო შეწყვეტდა შიმშილობას“ ,- ამბობს ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

გუშინ, 17 ნოემბერს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა მის მიერ შექმნილი მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა, რომელიც ეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და გლდანის მე-18 დაწესებულებაში არსებული პირობების მის საჭიროებებთან თავსებადობას.

დასკვნაში ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცეს.

ექიმთა ჯგუფმა სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა

მასალების გადაბეჭდვის წესი