ახალი ამბები

სააკაშვილი სერგეენკოს და გამყრელიძეს მადლობას უხდის

17 ნოემბერი, 2021 •
სააკაშვილი სერგეენკოს და გამყრელიძეს მადლობას უხდის

მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მადლობას უხდის დავით სერგეენკოსა და ამირან გამყრელიძეს გაკეთებული განცხადებების გამო.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით სერგეენკომ დღეს განაცხადა, რომ ომბუდსმენის მიერ შექმნილი ჯგუფის დასკვნა პენიტენციურ სისტემაში მომუშავე ექიმებისთვის იქნება გამოსადეგი.

„ვვარაუდობ, რომ მათი დასკვნა იქნება გამოსადეგი და სასარგებლო თვითონ სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე ექიმებისთვის, რათა თუკი რაიმე არის გამოსასწორებელი, გამოსწორდეს და უკეთესი სერვისი ჰქონდეს. თუკი რაიმეა გამოსასწორებელი და ადგილზე შესაძლებელია, გამოსწორდეს ადგილზე. თუკი შესაძლებელი არ არის ადგილზე, მაშინ იზრუნონ იმ პირობებზე, სადაც ეს იქნება. მხოლოდ ექიმებმა უნდა გააკეთონ ეს, პოლიტიკოსებმა არა“, – ამბობს დავით სერგეენკო.

რაც შეეხება ამირან გამყრელიძეს, გუშინ დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სააკაშვილის საჭიროებები ექიმებმა უნდა შეაფასონ.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მისი სურვილი იქნება, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე დასკვნა გაფართოებულმა კონსილიუმმა მოამზადოს და სწორედ ეს დასკვნა აღსრულდეს.

გუშინ, 16 ნოემებრს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებასი მიხეილ სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა და დამატებითი კონსილიუმის საჭიროება ამ ეტაპზე არ არის:

„დღეს, როდესაც იგი იმყოფება მე-18 დაწესებულებაში, ბუნებრივია, ის არის ექიმების უფრო მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ. მასზე ზრუნავს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, რომელსაც მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.

და როდესაც დადგება საჭიროება იმისა, რომ მოწვეული იყოს კონსილიუმი, იმისთვის, რათა დამატებით თუ გახდება საჭიროება, მივიღოთ რეკომენდაციები, ბუნებრივია, ჩვენ ვიმოქმედებთ პაციენტის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე”, — თქვა ბრეგაძემ.

მსგავსი განცხადება გააკეთა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამაც. ჟურნალისტების კითხვას, ნიშნავს თუ არა მისი განცხადება იმას, რომ კონსილიუმი გაუქმდა, გაბუნიამ უპასხუა, რომ იმ ფორმატით, რა ფორმატითაც კონსილიუმი მუშაობდა, ახლა საჭირო აღარ არის.

გაბუნია ასევე დასძენს, რომ გლდანის ციხე არის მრავალპროფილური, C ტიპის კლინიკა, რაც ნიშნავს, რომ იქ არის ყველა საკმარისი პირობა „შიმშილობისა და შიმშილობიდან გამოსვლის შემთხვევაში მდგომარეობის მართვისთვის“.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 48-ე დღეა შიმშილობს.

ის მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუ მას სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაიყვანენ. მიუხედავად ექიმების მოწოდებისა, ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი