საზოგადოება

გამყრელიძისა და ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგობრივი პოზიციები სააკაშვილის კონსილიუმზე

16 ნოემბერი, 2021 • 3833
გამყრელიძისა და ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგობრივი პოზიციები სააკაშვილის კონსილიუმზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მისი სურვილი იქნება, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე დასკვნა გაფართოებულმა კონსილიუმმა მოამზადოს და სწორედ ეს დასკვნა აღსრულდეს.

გამყრელიძის თქმით, თუ გაფართოებული კონსილიუმი იტყვის, რომ ექსპრეზიდენტის გადაყვანა საჭიროა მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, “მათ უნდა დავუჯეროთ”.

„თუ ისინი იტყვიან, პაციენტს უმჯობესია ეს ყველაფერი ჩაუტარდეს სხვა მულტიპროფილურ კლინიკაში, მათ დავუჯეროთ. მე ციხის საავადმყოფოებში დიდი ხანია არ ვყოფილვარ, ამიტომ, არ ვიცი, მაგრამ თუ ისინი იტყვიან, შეიძლება ამ ყველაფრის იქ გაკეთება, ვენდოთ მათ და პოლიტიკა ჩამოვაშოროთ ამ საკითხს იმიტომ, რომ დღეს ის პაციენტია“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მისი თქმით, თავადაა 2001 წელს პაციენტთა უფლებების შესახებ მიღებული კანონის თანაავტორი და აღნიშნავს, რომ პაციენტის უფლება ერთ-ერთი უზენაესია:

„მე ექიმი ვარ და ჩვენთვის პაციენტი, იქნება ეს უმაღლესი თანამდებობის თუ არა, არ ვასხვავებთ, პაციენტი ჩვენთვის ყოველთვის პაციენტია და ექიმის მოვალეობაა, მას ჩაუტაროს ყველა ის აუცილებელი დახმარება, რაც  სჭირდება. მე ვარ ერთ-ერთი თანაავტორი 2001 წელს პაციენტის უფლებების შესახებ კანონის, რომელიც იყო ერთ-ერთი ძალიან დიდი გარღვევა მაშინდელი დემოკრატიზაციის პროცესში.

პაციენტის უფლება ერთ-ერთი ყველაზე უზენაესია და მას უნდა უტარდებოდეს ყველა ტიპის სამედიცინო დახმარება. ამავე დროს, მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელმაც საქართველოში სიკვდილით დასჯა გააუქმა. ამიტომ, გამომდინარე ყოველივე ამისგან, მე, როგორც ექიმი ამირან გამყრელიძე, მოვუწოდებ დაჟინებით ბატონ მიხეილს, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა, რამეთუ ეს უკვე მისი ჯანმრთელობისთვის ცეცხლთან თამაშია. ძალიან სწრაფად და ყოველთვის შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გართულებები. მე ძალიან ვენდობი იმ კონსილიუმს, რომელიც შექმნილია“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

გამყრელიძის თქმით, ორივე კონსილიუმი, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტროს ეგიდით შექმნილიცა და ალტერნატიულიც, მაღალკვალიფიციური სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული და სწორედ მათ უნდა მოამზადონ დასკვნა, თუ რა დახმარება სჭირდება მსჯავრდებულს და სადაა უმჯობესი ამ დახმარების გაწევა:

„იქ არის საქართველოს 5 გამორჩეული ექიმი თავის სპეციალობაში. მე თითოეულ მათგანს კარგად ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ. ისევე, როგორც ალტერნატიული კონსილიუმი, სადაც ასევე ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები არიან. ამიტომ, ჩემი სურვილი და მოწოდებაა, შეწყვიტოს შიმშილობა. ის უკვე პაციენტია და იმ ზღვარზე შეიძლება მივიდეს, როდესაც საჭირო გახდება გადაუდებელი სამედიცინო ჩარევები და დახმარება.

მოგეხსენებათ, რეაბილიტაციის პერიოდიც საკმაოდ რთულია და დავეყრდნოთ გაფართოებული კონსილიუმის დასკვნას. მათ თქვან, რა ტიპის ჯანდაცვითი მონიტორინგი სჭირდება ბატონ სააკაშვილს, რა ტიპის სამედიცინო დახმარება სჭირდება მას, რა ტიპის რეაბილიტაცია და სად უნდა ჩატარდეს ეს. პოლიტიკოსებმა, მედიამ გვერდზე გავწიოთ ეს საკითხები და ვკონცენტრირდეთ ჯანდაცვის საკითხებზე. ამის გადაწყვეტა მივანდოთ პროფესიონალ ექიმებს. ის კონსილიუმი… როგორც ერთი, ასევე მეორე, [დაკომპლექტებულია] საკმაოდ ავტორიტეტული ადამიანებით, რომლებსაც შეუძლიათ დამოუკიდებელი დასკვნის დადება. კეთილი ვინებოთ და მერე ეს დასკვნა აღვასრულოთ“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

ჟურნალისტებმა გამყრელიძეს  შეახსენეს იმავე საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას რამდენიმე წუთის წინ გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის შემდეგ კონსილიუმის საჭიროება აღარ დგას.

საპასუხოდ ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ პაციენტს აქვს უფლება განსხვავებული აზრის მოთხოვნის და არ მიიჩნევს, რომ კონსილიუმს რაიმე დაბრკოლება შეექმნება პაციენტთან კონსულტაციისას:

„მე ტყუილად არ ვახსენე პაციენტის უფლებების კანონი. არსებობს მეორე აზრის მოთხოვნის უფლება, ამიტომ, არ მგონია, კონსილიუმს ექნას დაბრკოლება პაციენტთან დამატებითი კონსულტაციების, თუ ამას ჩათვლის შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება [საჭიროდ]. მე ვისურვებდი, დავეყრდნოთ გაფართოებული კონსილიუმის დასკვნას“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

გამყრელიძეს ჟურნალისტებმა მიანიშნეს, რომ კონსილიუმთან დაკავშირებით ერთგვარ წინააღმდეგობაში მოდის ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომლის პოზიციითაც, ამჟამად არ დგას სამედიცინო კონსილიუმის საჭიროება, რაზეც გამყრელიძემ განაცხადა, რომ ამ კომენტარს აკეთებს არა როგორც NCDC-ის ხელმძღვანელი, არამედ როგორც ექიმი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა შიმშილობს.

ის მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუ მას სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაიყვანენ. სახალხო დამცველმაც არაერთხელ განაცხადა, რომ ციხის საავადმყოფო არ შეეფერება ექიმთა კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

მიუხედავად ექიმების მოწოდებისა, ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი