ახალი ამბები

ჯაღმაიძის თქმით, სააკაშვილი თავად იქნება პასუხისმგებელი შიმშილობის ცუდ შედეგზე

17 ნოემბერი, 2021 • 1792
ჯაღმაიძის თქმით, სააკაშვილი თავად იქნება პასუხისმგებელი შიმშილობის ცუდ შედეგზე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხი საპატრიარქოს კომპეტენცია არ არის და ამ თემაზე პატრიარქთან არ უმსჯელიათ.

“თუ სჭირდება, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სჭირდება, უნდა იყოს გადაყვანილი. მაგრამ ამ “თუს” ვინ შეაფასებს? ჩვენ ამის კომპეტენცია არ გვაქვს. ექიმებმა უნდა შეაფასონ მისი მდგომაროება”, — განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ “ტვ პირველის” ეთერში.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას პატრიარქისთვის არ უთხოვია სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე ან შეწყალებაზე შუამდგომლობა და მხოლოდ სიტუაცია აღუწერა პატრიარქს.

ყოფილი პრეზიდენტის შიმშილობასთან დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა:

“ჩვენს განცხადებაში იყო ნათქვამი, როდესაც ადამიანი თვითონ აყენებს საკუთარ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ, მაშინ ხომ თავად უნდა განსაზღვროს, რამდენად ღირს ეს და რამდენად — არა. თუ პოლიტიკური ფასი ისეთი დიდი აქვს ამ ყველაფერს, რომ მან შიმშილობა გადაწყვიტა… თავისი ნებით შიმშილობს. პატრიარქმა გაუგზავნა წერილი თხოვნით, რომ შეეწყვიტა შიმშილობა. რა გავაკეთოთ? კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა”, — განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე — “მართლა რომ რამე მოხდეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ვინ იქნება პასუხისმგებელი?”, ჯაღმაიძე პასუხობს:

“ალბათ, თავად იქნება პასუხისმგებელი, იმიტომ, რომ მან გადაწყვიტა შიმშილობა, მას არ ავალდებულებენ შიმშილობას”.

— მათ შორის, ცუდად რომ დასრულდეს ეს ამბავი?

— რა თქმა უნდა. ჩვენ ხომ ვუთხარით მათ და ნებისმიერ მოშიშმილეს მოვუწოდებთ, რომ საკუთარი კანმრთელობის დაზიანება არ არის ქრისტიანულად გამართლებული.

ამ თემაზე:

პოლიტიკური შიმშილობის გაიგივება მარხვასთან მარხვის დაკნინებაა – საპატრიარქო

მასალების გადაბეჭდვის წესი