ახალი ამბები

ეგვიპტის სამხრეთ პროვინციაში მორიელების მიერ დაკბენილთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა

16 ნოემბერი, 2021 •
ეგვიპტის სამხრეთ პროვინციაში მორიელების მიერ დაკბენილთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა

სამხრეთ ეგვიპტეში ამინდის მკვეთრი გაუარესების შემდეგ მორიელებმა ასობით ადამიანი დაკბინეს. ადგილობრივი მედიის თანახმად, ასვანის საგუბერნატოროში მოსულმა უხვმა ნალექმა უბიძგა მორიელებს, სამალავები დაეტოვებინათ. შედეგად, ისინი ქუჩებსა და საცხოვრებელ სახლებში აღმოჩნდნენ.

ასვანში ამინდი გასული კვირის ბოლოს გაუარესდა. ძლიერი წვიმისა და სეტყვის შემდეგ ქუჩები დაიტბორა და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, ჩაიკეტა გზები და შეფერხდა სანაოსნო მიმოსვლა მდინარე ნილოსზე. სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა, არაერთი მოქალაქე კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.


ამინდის გაუარესების შემდეგ გააქტიურდნენ მორიელები, რომლებიც ასვანის მთებში ბინადრობენ. ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, გასულ დღეებში მორიელების მიერ ადამიანების დაკბენის 503 შემთხვევა აღირიცხა. დაზარალებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს და შხამსაწინააღმდეგო შრატის გაკეთების შემდეგ გაწერეს.

სახელმწიფო ამბობს, რომ საგუბერნატოროში მოსულმა უხვმა ნალექმა 3 ადამიანი იმსხვერპლა. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ უკავშირდება მორიელის ნაკბენს.

ტელეკომპანია “ალ-ჯაზირას” თანახმად, ასვანში გავრცელებული სახეობა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა თავისი “ძალიან ტოქსიკური შხამით”. მორიელის ნაკბენით პროვინციაში წლიურად რამდენიმე ადამიანი იღუპება.

მთავარი ფოტო: BBC/AFP Getty Images

მასალების გადაბეჭდვის წესი