პარლამენტმა „ლელოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესა და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.
კენჭისყრა დღეს, 16 ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიმართა.
31 ოქტომბერს მამუკა ხაზარაძემ რუსთაველის გამზირზე არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად შეკრებილი ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ტოვებს. მისი თქმით, ის ვერ ხედავს აზრს იმუშაოს იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც ხმებს იპარავენ.
ზურაბ ჯაფარიძემ კი მანდატის დატოვების შესახებ პირველ ნოემბერს განაცხადა.
ვინაიდან მამუკა ხაზარაძე საპარლამენტო ფრაქციის “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი იყო, ზურაბ ჯაფარიძე კი -“რეფორმების ჯგუფის“, მათი პარლამენტიდან გასვლით, ორივე ფრაქცია დაშლის წინაშე დგას. იმ შემთხვევაში, თუ ფრაქციები ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჩამნაცვლებელ დეპუტატებს ვერ მოძებნიან, მაშინ მათ პოლიტიკურ ჯგუფებად გადაკეთება მოუწევთ.