ახალი ამბები

რამდენ ხანს უნდა იმეოროს პენიტენციურმა სუს-ის ბოდვა? – საძაგლიშვილი

15 ნოემბერი, 2021 • 1020
რამდენ ხანს უნდა იმეოროს პენიტენციურმა სუს-ის ბოდვა? – საძაგლიშვილი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აკრიტიკებს პენიტენციური სამსახურის მორიგ უარს საკუთარ სასამართლოზე სააკაშვილისდასწრებასთან დაკავშირებით.

15 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით [დაახლოებით 8.8 მლნ ლარის] გაფლანგვის საქმეზე.

პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც სააკაშვილს კვლავ არ მიეცა საკუთარ სასამართლოზე ფიზიკურად დასწრების საშუალება.

სააკაშვილი სასამართლოში არ გადაიყვანეს არც წინა სასამართლო სხდომაზე, სადაც 7 ნოემბრის საქმე განიხილებოდა.

პენიტენციური სამსახური სააკაშვილისთვის პროცესზე დასწრებაზე უარის საფუძვლად ასახელებს:

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებას, რომლის ვერსიითაც სააკაშვილის ციხიდან გაყვანის შემთხვევაში ოპოზიცია პროცესისთვის ხელის შეშლას გზის გადაკეტვით შეეცდება 500-600 მანქანის გამოყენებით.
  • ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას: პენიტენციურის თანახმად, „სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის“.

სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ პენიტენციური სამსახურის დასახელებული არგუმენტი სუს-ის გამოძიებაზე დაყრდნობით სრულიად უსაფუძვლოა:

„რამდენი ხანი უნდა გამოიყენოს პენიტენცირმა სასმახურმა სუს-ის ეს სრული ბოდვა? ყოველდღე ერთი და იგივე ტექსტი უნდა იმეორონ? ამ „საქმეზე“ 1 თვეზე მეტია გამოძიება დაწყებულია და გაუგებარი ჩანაწერების გარდა არაფერი მოგვისმენია, ქმედითი ღონისძიებაც არ გვინახავს სუს-ის მხრიდან“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

მისი შეფასებით, გამოძიების დაწყება იყო „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის შემადგენელი ნაწილი და „ეს კარგად გამოიყენეს, რომ „გაეპრავებინათ“ სააკაშვილის სასამართლოზე არდასწრება“.

„ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის გამოჩენის და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ის არ დაესწროს საკუთარ პროცესს“, – განაცხადა ადვოკატმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი