ახალი ამბები

სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება პოლიტიკური წნეხის პირობებში მოუწევს – გვარამიას ადვოკატი

24 ოქტომბერი, 2022 • 560
სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება პოლიტიკური წნეხის პირობებში მოუწევს – გვარამიას ადვოკატი

ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს დღევანდელმა სხდომამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ გვარამიას ბრალდება ვერაფრით მტკიცდება.

„პროკურორთა რეპლიკა უნდა ყოფილიყო ორიენტირებული იმის მტკიცებაზე, თუ როგორ მტკიცდება დანაშაული. ამის ნაცვლად, ჩვენ მოვისმინეთ სამაუწყებლო ბადის განმარტება. არაერთხელ გამჩენია განცდა, რომ სისხლის სამართლის საქმის განხილვაზე არ ვართ და ჰიპოთეტურად ვმსჯელობთ. პროკურატურა არათუ ვერ ასაბუთებს იმ ფაქტებს, რაზეც მიუთითებს, არამედ ამ ფაქტების დადგენის შემთხვევაშიც კი, ეს არ წარმოადგენს პროკურატურის კომპეტენციას და დღევანდელმა სხდომამ ეს დაადასტურა“, – განაცხადა საძაგლიშვილმა „მთავარ არხთან“ საუბრისას.

საძაგლიშვილმა ასევე განაცხადა, რომ რთულია სასამართლოს გადაწყვეტილების პროგონზირება იმ პირობებში, როცა „გადაწყვეტილების მიღება არ ხდება მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტებით“, თუმცა განაცხადა:

„იმაში დარწმუნებულები ვართ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს პოლიტიკური წნეხის პირობებში“.

გვარამიას სააპელაციო სარჩელს განიხილავენ მოსამართლეები – მერაბ ჯორბენაძე, ლავრენტი მაღლაკელიძე და დავით მამისეიშვილი.


გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 3-ნახევარი წლით პატიმრობა 16 მაისს მიუსაჯა.

პროკურატურა გვარამიას  ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.

მის დაპატიმრებას არაერთი კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით,  ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები.

ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის თქმით, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც „აშკარად შეთითხნილია“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეერთებული შტატების საელჩომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.

გირჩევთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი