ახალი ამბები

ნორმალურ ქვეყანაში წამების შემდეგ ადამიანს თავისუფალ მდგომარეობაში მკურნალობის საშუალებას მისცემდნენ – საძაგლიშვილი სააკაშვილზე

22 ნოემბერი, 2021 • 2089
ნორმალურ ქვეყანაში წამების შემდეგ ადამიანს თავისუფალ მდგომარეობაში მკურნალობის საშუალებას მისცემდნენ – საძაგლიშვილი სააკაშვილზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია, რის გამოც მას “ნორმალურ ქვეყანაში თავისუფალ მდგომარეობაში მკურნალობის საშუალებას მისცემდნენ”. ამის შესახებ საძაგლიშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

“არ შეიძლება ჯანმრთელობის აღდგენა მოხდეს ერთ ან ორ დღეში, თუნდაც შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი გახდა წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, რაც უკვალოდ ვერ ჩაივლის მის ჯანმრთელობასა და მორალურ მხარეზე.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პირველ რიგში, ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და ამის პირდაპირი მტკიცებულება გვაქვს ღარიბაშვილის განცხადებების სახით. ამას რომ დავანებოთ თავი, ნორმალურ ქვეყანაში, წამების და არაადამიანური მოპყრობის შემდეგ, ადამიანს თავისუფალ მდგომარეობაში მკურნალობის საშუალებას მისცემდნენ და არა იმ მდგომარეობაში, რაშიც ახლა საქართველოს მესამე პრეზიდენტია. ნორმალურ ქვეყნაში გათავისუფლებაც კი ხდება ადამიანის, როცა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ხდება. ჩვენ დეტალურად არ გვისუაბრია ამ მექანიზმე, მე უბრალოდ გეუბნებით, როგორია ნორმალური ქვეყნების დამოკიდებულება ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მიმართ”, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი