ახალი ამბები

ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სხდომა 19 ივლისს ჩაინიშნა

11 ივლისი, 2022 • 882
ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სხდომა 19 ივლისს ჩაინიშნა

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოში პირველი პროცესი 19 ივლისს ჩაინიშნა.

როგორც „ნეტგაზეთს“ გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა, კანონით გათვალისწინებული ვადებში სააპელაციო სხდომა 10 აგვისტომდე უნდა ჩანიშნულიყო, თუმცა ქართული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელიც ამ ვადებს ხშირად არღვევს, სხდომა სწრაფად ჩაინიშნა.

„რთულია, რომ რაიმე სახის მოლოდინი გვქონდეს, იმიტომ, რომ ვერანაირად ვივარაუდებ, რა პოლიტიკური დაკვეთა შეიძლება მიიღოს სასამართლომ. ეს არ არის შემთხვევა, სადაც სამართლებრივი გარემოებების ანალიზით შეიძლება, პროგნოზი გააკეთო — თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე და არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, მათ შორის, ევროკავშირის მიერ მიღებული რეკომენდაციების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ამ კრიტერიუმებში ცალსახად არის მითითებული მართლმსაჯულების დეპოლიტიზება“, — განაცხადა საძაგლიშვილმა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოაქვს სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 თვის ვადაში.

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში არის დამნაშავედ ცნობილი და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვს მისჯილი.

ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

მასალების გადაბეჭდვის წესი