ახალი ამბები

სამინისტრომ კონსილიუმის მუშაობა უფრო სისტემატური და ეფექტიანი უნდა გახადოს — ომბუდსმენი

15 ნოემბერი, 2021 • 1195
სამინისტრომ კონსილიუმის მუშაობა უფრო სისტემატური და ეფექტიანი უნდა გახადოს — ომბუდსმენი

“იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა სრულფასოვნად უნდა უზრუნველყოს, ამ მიზნით კი მულტიფუნქციური კონსილიუმის მუშაობა უფრო სისტემატური და ეფექტიანი გახადოს”, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ომბუდსმენს მიაჩნია, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სამეთვალყურეოდ შექმნილმა კონსილიუმმა “არათუ უნდა შეწყვიტოს მუშაობა, არამედ უფრო მრავალპროფილურად და ინტენსიურად განაგრძოს საქმიანობა”.

“სამინისტრომ კი უნდა უზრუნველყოს, რომ კონსილიუმის რეგულარულ ვიზიტებსა და ეფექტიან საქმიანობას არ ექმნებოდეს ბიუროკრატიული დაბრკოლებები”, — ამბობს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ უნდა შემუშავდეს კონსილიუმის საქმიანობის ერთგვარი პროტოკოლი, რომელიც:

“განსაზღვრავს კონსილიუმის პაციენტთან ვიზიტების სიხშირეს, კონსილიუმის შეკრების ინიციირების საკითხებს (მათ შორის, პაციენტის, პირადი ექიმის, ადვოკატების პოზიციების გათვალისწინებით), კონსილიუმის ზუსტ მანდატს, მათი დასკვნების სამართლებრივ სტატუსს და სხვა.

ასევე, აუცილებელია გადაიხედოს კონსილიუმის შემადგენლობა და შექმნილი საჭიროებების გათვალისწინებით გაფართოვდეს ექიმ-სპეციალისტთა წრე”.

ომბუდსმენის სიტყვებით, დღემდე ყურადღებით აკვირდებოდა კონსილიუმის მუშაობას და მონიტორინგისას სრულად ეყრდნობა მათ დასკვნებსა თუ რეკომენდაციებს. მისივე თქმით, N18 სამკურნალო დაწესებულების შემოწმებისას აფასებდა სწორედ კონსილიუმის დასკვნებში მოცემულ საჭიროებებთან დაწესებულების შესაბამისობის ხარისხს:

“ამ დრომდე არ გამოვლენილა მიზეზი, რომელიც სახალხო დამცველის აპარატს მისცემდა მულტიფუნქციური კონსილიუმის პრინციპულ, კომპეტენტურ, მაღალპროფესიულ საქმიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველს”.

ამასთან, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მისი აპარატი ვერ ჩაანაცვლებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვის კონტექსტში და ვერ განსაზღვრავს პაციენტის მკურნალობის ტაქტიკას:

“სახალხო დამცველი ასრულებს სახელმწიფოს მხრიდან უფლებების დაცვაზე მონიტორინგს და მომავალშიც მხოლოდ მანდატის ფარგლებში განაგრძობს საქმიანობას.

პატიმრის ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვა სრულფასოვნად უნდა განაგრძოს იუსტიციის სამინისტრომ/პენიტენციურმა სამსახურმა, მათ შორის, მათ მიერვე შექმნილი მულტიფუნქციური კონსილიუმის რეკომენდაციების მხედველობაში მიღებით”.

სახალხო დამცველის თქმით, მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, მულტიფუნქციური კონსილიუმის მუშაობის პარალელურად, გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული საზედამხედველო უფლებამოსილება, მანდატის ფარგლებში მოიწვიოს დარგის სპეციალისტები/ექსპერტები შესაბამისი სამედიცინო კონსულტაციების მისაღებად, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საექსპერტო დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ფორმირებული კონსილიუმი, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას უწევს მონიტორინგს, რამდენიმე სხვადასხვა პროფილის მქონე ექიმისგან შედგება, მათ შორის არიან:

  •  ნიკოლოზ ყიფშიძე (სააკაშვილის პირადი ექიმი);
  • ალექსანდრე ცისკარიძე (ნევროლოგი );
  • გიორგი გოცაძე (კრიტიკული მედიცინის ექიმი);
  • ნინო შარაშენიძე (ჰემატოლოგი);
  • ელენე გიორგაძე (ენდოკრინოლოგი).

14 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა ზემოხსენებულ კონსილიუმს უარი უთხრა #18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლაზე ექსპრეზიდენტთან შესახვედრად.

ამის მიზეზად, თუთბერიძის განცხადებით, პენიტენციურმა სამსახურმა დაასახელა ის, რომ არასამუშაო საათები იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი