ახალი ამბები

დეკანოზი მამალაძე სამოქალაქო კლინიკაში COVID-19-ის გამო გადავიყვანეთ – პენიტენციური სამსახური

14 ნოემბერი, 2021 • 1272
დეკანოზი მამალაძე სამოქალაქო კლინიკაში COVID-19-ის გამო გადავიყვანეთ – პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხის საავადმყოფოდან კერძო კლინიკაში კორონავირუსის გამო გადაიყვანეს. უწყების განცხადებით, დეკანოზი კლინიკა ვივამედში შემდგომი დაკვირვების მიზნით მოთავსდა.

“მსჯავრდებულ გ.მ-ს კოვიდ-19 დაუდასტურდა და შემდგომი დაკვირვების მიზნით სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსდა. საზოგადოების და მედიის მაღალი ინტერესის გათვალისწინებით გავმარტავთ, რომ მსჯავრდებული გ.მ. მე-18 (სამკურნალო) დაწესებულებიდან კლინიკა ,,ვივამედშია“ გადაყვანილი. მას მიმდინარე წლის 13 ნოემბერს covid-19-ის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა (რესპირატორული სიმპტომები,ტემპერატურის უმნიშვნელო მატება). მსჯავრდებულს ჩივილებიდან გამომდინარე ჩაუტარდა PCR ტესტირება და მას კოვიდ-19 დაუდასტურდა. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა შემდგომი დაკვირვების მიზნით, კლინიკა ,,ვივამედში“ მოთავსდა და მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება”, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2019 წლის 22 თებერვლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას. გიორგი მამალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 2019 წლის 15 თებერვალს ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. სამედიცინო კონსილიუმის მიერ დისოციაციური მოტორული აშლილობა დაუდგინდა, თუმცა, პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით, ღუდუშაურის კლინიკიდან რამდენიმე დღეში N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი