ახალი ამბები

ხელისუფლებამ ღიად და აშკარად შეაქცია ევროპას ზურგი – ოპოზიცია სააკაშვილთან ევროპარლამენტარების არშეშვებაზე

13 ნოემბერი, 2021 • 2336
ხელისუფლებამ ღიად და აშკარად შეაქცია ევროპას ზურგი – ოპოზიცია სააკაშვილთან ევროპარლამენტარების არშეშვებაზე

ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპელი პოლიტიკოსების, მათ შორის ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას სააკაშვილთან ციხეში არშეშვების საკითხს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ამით ხელისუფლება საკუთარ ანტიდასავლურ პოლიტიკურ კურსს აჩვენებს. ამის შესახებ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა საერთო საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, ის გუშინ ლიეტუვის სეიმის წევრ რაიმუნდას ლოპატას შეხვდა, სადაც ითქვა, რომ ევროპელი პოლიტიკოსების საქართველოში ჩამოსვლის ერთადერთი მიზანი მიხეილ სააკაშვილის და ელენე ხოშტარიას მონახულება იყო.

“ისინი არ არიან მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის მეგობრები, ისინი არიან საქართველოს მეგობრები”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

მან ხელისუფლება გააკრიტიკა ევროპელი პოლიტიკოსებისთვის სააკაშვილთან ვიზიტზე უარის თქმისთვის.

აღნიშნული გადაწყვეტილების გამო ხელისუფლება გააკრიტიკეს ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმაც. დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ამ ნაბიჯით ღიად და აშკარად შეაქცია ზურგი საქართველოს საუკეთესო მეგობრებს ევროპაში:

“დღეს საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ღიად და აშკარად შეაქცია ევროპას ზურგი. ზურგი შეაქცია ჩვენს საუკეთესო მეგობრებს ევროპაში”, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, მას კომუნიკაცია ჰქონდა ევროპელ კოლეგებთან, რომელთაც უთხრეს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტს გეგმავენ:

“უახლოეს მომავალში საქართველოს ევროპელი კოლეგების კიდევ უფრო წარმომადგენლობითი და ამჯერად მრავალრიცხოვანი შემადგენლობა ეწვევა, რომლებსაც ერთის მხრივ ექნებათ მისია, რომ გააკონტროლონ და შეამოწმონ პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა ციხეში და შეხვედრას მოითხოვენ მასთან, მაგრამ არამხოლოდ. ამ ვიზიტის მისია იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე სერიოზული წნეხის დაწყება იმისთვის, რომ მათ ღიად განაცხადონ რა არის ამ ხელისუფლების არჩევანი. ეს არის ქვეყნის რუსეთის მიმართულებით შემობრუნება თუ ის არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ გააკეთა – ევროატლანტიკური მომავალი.

სამადაშვილის თქმით, მათ უკვე დაიწყეს მუშაობა ევროპარლამენტთან და უახლოეს მომავალში ევროპარლამენტში “ძალიან სერიოზული პროცესების” დაწყებას ელიან, “რასაც პოლიტიკის გადატვირთვა ჰქვია”.

“იმით, რაც იკადრა ფოტიგასთან მიმართებით, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ღიად და აშკარად ემიჯნება ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს და ამაზე პასუხს მათ როგორც ქართველი ხალხი, ასევე ქართველი ხალხის ევროპელი მეგობრები გასცემენ”, – განაცხადა სამადაშვილმა.

“ლელოს” წარმომადგენლის, ანა ნაცვლიშვილის თქმით კი ევროპელი პოლიტიკოსებისთვის ციხეში ვიზიტზე უარის თქმა უპრეცედენტო შემთხვევაა:

“ეს არის ორი რამის დადასტურება. პირველი – ეს არის უარი და მიხურული კარი არა ერთი ევროპარლამენტარისთვის, არამედ ღია პოლიტიკური გზავნილი ევროპისთვის ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ევროპას უხურავს კარს. და მეორე – ისეთ ვითარებაში, როდესაც ორი უკიდურესად განსხვავებული ინფორმაცია იმის შესახებ, ხდება თუ არა სათანადო მკურნალობის გაწევა პატიმარი პრეზიდენტისთვის, ხელისუფლების ინტერესში უნდა ყოფილიყო მიუკერძოებელი მესამე მხარის ჩართვა ამ ვითარებაში, როგორც თვითმხილველისა, რომელსაც შესაძლებლობა ექნებოდა, საპატიმროში შესულიყო და თავისი შეფასება გაეკეთებინა”, – განმარტა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, თუ ხელისუფლებას დასამალი არაფერი აქვს, მაშინ ევროპელი პოლიტიკოსების ვიზიტი სააკაშვილთან იქნებოდა შესაძლებლობა, რომ სააკაშვილის გარშემო არსებული რთული ვითარებისთვის წერტილი დაესვა.

“როდესაც ციხე დახურულია მონიტორინგისთვის, ეს მტკიცებულებაა, რომ იქ ცუდი რაღაც ხდება”, – აცხადებს ნაცვლიშვილი.

“გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი, ცოტნე კობერიძე კი ამბობს, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის კადრების გავრცელების შემდეგ ბევრი კითხვა გაჩნდა, მათ შორის კითხვები გაუჩნდათ ევროპარლამენტარებსაც, რაზეც ხელისუფლებამ ევროპელი პოლიტიკოსების ციხეში არშეშვებით “კიდევ უფრო უგუნური პასუხი გასცა”.

“მე არ მჯერა “ოცნების” მორალის, არ მჯერა, რომ მათ ესმით სწორი და არასწორი. როგორც მინიმუმ პრაგმატულობის იმედი მაინც მქონდა, რომ საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, რაიმე სახის შესანარჩუნებლად მაინც ეცდებოდნენ ცოტა ნორმალურად მოქცევას. უკანასკნელ ქცევებს ესეც კი აღარ ეტყობა. მგონია, რომ მათთვისვე უარესია ასეთი ქმედებების გაგრძელება. მგონია, რომ კარგია დასავლეთიც თუ გაიგებს რანაირი ტიპის მთავრობასთან აქვს მას შეხება”, – განაცხადა კობერიძემ.

ბრიფინგზე სიტყვით გამოვიდა “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერიაც და ელენე ხოშტარიაც. მათ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების მსგავსად ხელისუფლება ევროპელი პარლამენტარების სააკაშვილთან ვიზიტზე უარის თქმის გამო გააკრიტიკეს.

გუშინ, 12 ნოემბერს საქართველოში ვიზიტით სამი ევროპელი პოლიტიკოსი ჩამოვიდა. მათ შორისაა ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და ლიეტუვის სეიმის ორი წევრი. დღეს, 13 ნოემბერს კი ფოტიგამ განაცხადა, რომ მას სააკაშვილთან შესვლის უფლება არ მისცეს.

სააკაშვილთან ციხეში ვიზიტზე იუსტიციის სამინისტრომ უარი უთხრა ლიეტუვის სეიმის წევრ რაიმუნდასაც.

“ნეტგაზეთი” ვიზიტზე უარის თქმის მიზეზის გარკვევას იუსტიციის სამინისტროსთან ცდილობს, თუმცა ამ დრომდე მათგან პასუხი არ მიგვიღია.

იუსტიციის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ლიეტუვის სეიმის (პარლამენტის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისიც.

“ეს ევროპაში ხდება?”, – დაწერა პავილიონისმა სოციალურ ქსელში.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მისი განცხადებით, ის აქ მოტყუებით გადაიყვანეს. სააკაშვილი 44-ე დღეა შიმშილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი