ახალი ამბები

პარიზში ქართველი აქტივისტები სალომე ზურაბიშვილს შეძახილებით, “მონა”, დახვდნენ

13 ნოემბერი, 2021 • 2683
პარიზში ქართველი აქტივისტები სალომე ზურაბიშვილს შეძახილებით, “მონა”, დახვდნენ

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის პარიზში ერთ-ერთ კაფესთან ქართველ აქტივისტთა ჯგუფი შეძახილებით “მონა” დახვდა. როგორც აქტივისტთა ჯგუფის წევრმა და ორგანიზაცია “საფრანგეთიდან დანახული საქართველოს” დამფუძნებელმა, თამარ დემურია უთხრა “ნეტგაზეთს”, ისინი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

გარდა ამისა, დემურიას თქმით, ისინი საფრანგეთს და ევროპას სთხოვენ, რომ სააკაშვილის გარშემო მიმდინარე პროცესებში ჩაერთონ და კონკრეტული პოზიცია დააფიქსირონ. მისი თქმით, ამისთვის მათ ფრანგ პარლამენტარებს და პრეზიდენტ მაკრონის ადმინისტრაციას მისწერეს წერილები, ასევე ხვდებიან სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებს, მათ შორის შეხვდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსაც.

“ჩვენ არ ვჩერდებით, მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ აქ ვმუშაობთ იმისთვის, რომ აქედანაც მოხდეს რეაგირება და ზეგავლენა”, – ამბობს დემურია.

“გუშინ შემთხვევით გავიგეთ, რომ ზურაბიშვილი იყო ერთ-ერთ კაფეში. დაახლოებით 3 საათი ველოდეთ. შვიდნი ვიყავით, იმ წუთას ვინც მოახერხა გამოსვლა. დაცვის წევრებმა შეგვამჩნიეს და ზურაბიშვილმა მედიატორები მოგვიგზავნა, რომლებმაც გვითხრეს, რომ თუ რაიმე მესიჯი გვქონდა პრეზიდენტისთვის მათ ჩვენი დახმარება შეეძლოთ. ჩვენ ვუპასუხეთ, რომ არ გვჭირდებოდა მედიაცა და მას [ზურაბიშვილს] პირდაპირ უნდა გაეგო რისთვისაც ვიყავი მისული.

აგრესიულები არ ვიყავით, თუმცა საჭირო იყო პირდაპირ გვეთქვა მისთვის, რომ ის იყო სამარცხვინო, არჩევნების მომპარავი პრეზიდენტი და ოლიგარქის მარიონეტი”, – განმარტა დემურია.

მისი თქმით, საფრანგეთში მცხოვრებმა აქტივისტებმა პარიზში პლაკატებიც გამოაკრეს წარწერით Free Misha [თავისუფლება მიშას] და არ აპირებენ გაჩერებას, თუმცა კონკრეტულ გეგმებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე საუბარი არ სურთ.

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მან მონაწილეობა მიიღო იუნესკოს 75 წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმში, რომელზეც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები შეიკრიბნენ და მსოფლიოს თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავების მიმართულებით, ორგანიზაციის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი