ახალი ამბებირეკლამა

თსუ-მ წარმატებული პირველსემესტრელები დაჯილდოვა

11 ნოემბერი, 2021 • 1181
თსუ-მ წარმატებული პირველსემესტრელები დაჯილდოვა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შვიდივე  ფაკულტეტზე  ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული ბაკალავრიატის და მაგისტრატურის  ყველაზე მაღალრეიტინგული  პირველსემესტრელი სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ფაკულტეტების დეკანებმა პლანშეტებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.

თსუ რექტორმა სტუდენტებს მადლობა გადაუხადა თსუ-ის არჩევისთვის, წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ COVID-19-ის პანდემია მალე დასრულდება და სტუდენტები დაუბრუნდებიან სააუდიტორიო მეცადინეობებს.   

2021 წელს, საქართველოს მასშტაბით არასახელოვნებო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს  შორის რეიტინგით პირველი მარიამ შენგელია თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების სტუდენტია. „დარწმუნებული ვარ, რომ თსუში ჩაბარება კარგი გადაწყვეტილებაა. დღეს უნივერსიტეტმა სიმბოლური საჩუქრები გადმოგვცა, რაც ჩემთვის სიურპრიზი იყო.  გამიხარდა რექტორის და დეკანების გაცნობა და მიხარია, რომ უნივერსიტეტი ასეთ მოტივაციას აძლევს პირველსემესტრელებს,“- აღნიშნა მარიამ შენგელიამ.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის ყველაზე მაღალრეიტინგული პირველსემესტრელი სტუდენტი ნინო გეგენავა გახდა, რომელიც ოთხი წლის წინ ბაკალავრებს შორისაც ფაკულტეტზე პირველ ადგილს იკავებდა. ნინო  სწავლას მაგისტრატურის საფეხურზე  თარგმანთმოცდნეობისა და კულტურათაშორისი ურთიერთობების მიმართულებით განაგრძობს.

„პირველ რიგში, ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ამდენი ხნის შემდეგ, დავბრუნდი უნივერსიტეტში, მენატრებოდა და ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ, აკადემიურ სივრცეში. მოხარული ვარ იმ ფაქტით, რომ ჩემი შრომა, რომელიც ჩავდე ამ გამოცდისთვის მზადებაში, დაფასდა. ჩემი მოლოდინები ფაკულტეტთან დაკავშირებით, საბაკალავრო პერიოდმა უკვე გაამართლა და დარწმუნებული ვარ, რომ სამაგისტრო პროგრამაც ამჟამინდელ მოლოდინებს გაამართლებს,“- აღნიშნა ნინო გეგენავამ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, წელს თსუ-ში 5 200 აბიტურიენტი ჩაირიცხა. ქვეყნის მასშტაბით, ყოველი მესამე გრანტოსანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია.  თსუ-ში სწავლების სამივე საფეხურზე 240-მდე აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს. უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 22 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი