ახალი ამბები

გიგი უგულავა სასამართლო დარბაზიდან გააძევეს

10 ნოემბერი, 2021 • 1328
გიგი უგულავა სასამართლო დარბაზიდან გააძევეს

გიგი უგულავა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე გამართულ სხდომას ესწრებოდა, დარბაზიდან გააძევეს.

უგულავა სხდომათა დარბაზში მიხეილ სააკაშვილის მიყვანას ითხოვდა.

აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულები არიან მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი. სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა სხდომათა დარბაზში მიხეილ სააკაშვილის გადაყანაზე უარი თქვა, ის სასამართლო პროცესს ვერ ესწრება.

უწყება ახსენებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც “იგეგმებოდა მ. სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით”.

“მათ განზრახული ჰქონდათ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

პენიტენციური სამსახურის სიტყვებით, “აღნიშნული სახის ქმედებებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მისი სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაშიც, ასევე, ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის”.

“ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენა”, — ამბობს უწყება.

სააკაშვილის ინტერესების დამცველები მოითხოვენ, სააკაშვილის სასამართლო პროცესი სასამართლო დარბაზში ჩატარდეს. თუმცა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგვაძემ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ 10 ნოემბერს დაგეგმილი პროცესის გამართვას ციხის საკანში მოითხოვენ, რადგან არსებობს უსაფრთხოების რისკები.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს.

ექსპრეზიდენტს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი,მას ბრალად ედება 2006 წელს შსს-ს თანამშრომლების მიერ ნაწამები და შემდგომ გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე, წინასწარი შეთანხმებით, დამნაშავეების შეწყალება. ამასთან, სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე 2005 წელს.

სააკაშვილი ბრალდებებს არ აღიარებს, პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს და 41-ე დღეა, შიმშილობს.

სააკაშვილი მოითხოვდა, საჭიროების შემთხვევაში, სამოქალაქო კლინიკაში გადაეყვანათ და არა ციხის საავადმყოფოში. ამავე პოზიციაზე იყვნენ მისი ადვოკატები, თანაპარტიელები და პირადი ექიმი.

თუმცა,8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანში, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სახელმწიფო აცხადებს, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტის მკურნალობის ყველა პირობა არსებობს. თუმცა სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სამეთვალყურეოდ შექმნილი კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი