ახალი ამბები

დუდამ ზურაბიშვილს უთხრა, რომ სააკაშვილის დაკავება ქვეყნის იმიჯს აზიანებს – მედია

10 ნოემბერი, 2021 • 1763
დუდამ ზურაბიშვილს უთხრა, რომ სააკაშვილის დაკავება ქვეყნის იმიჯს აზიანებს – მედია

პოლონეთის საზოგადოებრივი რადიო საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტების, სალომე ზურაბიშვილისა და ანჯეი დუდას შორის გამართული სატელეფონო საუბროს დროს, დუდამ განაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილის დაკავება აზიანებს ქვეყნის იმიჯს“.

„რადიოს წყაროს ცნობით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილთან საუბრისას განაცხადა, რომ ის პატივს სცემს ქართულ მართლმსაჯულების სისტემას, მაგრამ სააკაშვილის დაკავება აზიანებს ქვეყნის იმიჯს“, – წერია რადიოს მიერ გავრცელებულ ცნობაში.

რადიოს თანახმად, პოლონელმა პრეზიდენტმა ქართველ კოლეგასთან საუბრისას განაცხადა, რომ სააკაშვილი ახსოვთ, როგორც ლეხ კაჩინსკის მეგობარი და ითხოვა ზომების მიღება, რათა მისი საქმე მშვიდობიანად დასრულდეს.

ნეტგაზეთმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჰკითხა, პრეზიდენტებს შორის გამართული საუბარი შეეხებოდა თუ არა მიხეილ სააკაშვილის დაკავებას, ან ანჯეი დუდამ გააკეთა თუ არა ამის შესახებ განცხადება, მაგრამ პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

სალომე ზურაბიშვილსა და ანჯეი დუდას შორის სატელეფონო საუბარი 8 ნოემბერს გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ამ საკითხზე გავრცელებულ რელიზში ნახსენები არ არის, რომ საუბარი სააკაშვილს შეეხო.

მასალების გადაბეჭდვის წესი