ახალი ამბები

იუსტიციის მინისტრს მხოლოდ “იმედზე” საუბრის გამბედაობა აქვს — დეკანოიძე

9 ნოემბერი, 2021 • 823
იუსტიციის მინისტრს მხოლოდ “იმედზე” საუბრის გამბედაობა აქვს — დეკანოიძე

ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები იუსტიციის სამინისტროსთან იმყოფებიან. მათ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან შეხვედრა სურდათ, თუმცა ეს ვერ მოახერხეს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, ბრეგაძეს არც კომპეტენცია აქვს და არც გამბედაობა.

“მას აქვს მხოლოდ [იმის] გამბედაობა, ისაუბროს იმედის ეთერით, სახელისუფლებო არხების ეთერით, გამბედაობა აქვს, მხოლოდ აქ იჯდეს და 200-მა პოლიციელმა დაიცვას.

ჩვენ შეგვიზღუდეს გადაადგილების უფლება. შსს-ს აქვს იმის უფლება, რომ ჩვენ, პარლამენტის წევრებს, გადაადგილების უფლება შეგვიზღუდოს. ამიტომ გასაგებია, მე მეტის მოლოდინი ნამდვილად არ მქონდა”, — დასძინა მან.

სანამ იუსტიციის სამინისტროსთან მსვლელობით გადაინაცვლებდნენ, ოპოზიციის წარმომადგენლები გასული ღამის განმავლობაში მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებოდნენ.

პროტესტი გუშინ, 8 ნოემბერს დაიწყო. აქცია თავისუფლების მოედანზე ისედაც იყო დაგეგმილი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, თუმცა დემონსტრაციის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ ექსპრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სააკაშვილი ამბობს, რომ ეს მისი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა. მისი განცხადებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა მოატყუა, რომ რუსთავის ციხიდან სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ, რეალურად კი გლდანის ციხის საავადმყოფოში მიიყვანეს.

იუსტიციის მინისტრმა ტელეეთერში განაცხადა, რომ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, სააკაშვილმა ციხის თანამშრომლები ფიზიკურად შეურაცხყო. მეორე მხრივ, ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ თავად გახდა ძალადობის მსხვერპლი და მხოლოდ თავის დაცვას ცდილობდა.

ოპოზიცია სააკაშვილის გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით უწყვეტ პროტესტს აანონსებს.

სააკაშვილთან შესახვედრად საშვს არ გვიწერენ — ადვოკატები

მასალების გადაბეჭდვის წესი