საზოგადოება

გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში — სააკაშვილი გლდანში გადაყვანაზე

9 ნოემბერი, 2021 • 2469
გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში — სააკაშვილი გლდანში გადაყვანაზე

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსთავის მე-12 საპყრობილიდან მოტყუებით წაიყვანეს გლდანის ციხის საავადმყოფოში, ადგილზე მისულს კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შესახებ სააკაშვილი წერილში წერს, რომელიც „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში წაიკითხა.

“მე აქ გადმომიყვანეს მოტყუებით მას შემდეგ, რაც გამომიცხადეს, რომ ქალაქის რეგულარულ კლინიკაში მივყავდი და გამიუქმეს შეხვედრა ექიმებთან, პაემანი დედაჩემთან და ჩემს შვილებთან. როდესაც მიმიყვანეს კრიმინალების კორპუსთან, რომელთაც დიდი ჟრიამული ატეხეს და არ შეწყვეტილა ეს ჟრიამული დღემდე [წერილის დაწერის მომენტამდე], ხოლო ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, როგორც ჩანს, ხელმძღვანელმა მუშაკმა, გამომიცხადა “აჰა, ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელში” და გინებაც მოაყოლა.

მე მოვითხოვე მისი სახელი და გვარი, თუმცა თქმაზე უარი მითხრეს. შემდეგ გაფრთხილების გარეშე დაიწყეს თანამშრომლებმა ჩემი გადმოთრევა, მიუხედავად ჩემი კატეგორიული უარისა, გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ, გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში. მათრიეს თმებით და, რა თქმა უნდა, ამ დროს წინააღმდეგობა გავუწიე. ისევე, როგორც პალატაში, სადაც სცადეს, რაღაც გაურკვეველი კრიმინალური შესახედაობის მედპერსონალი მომიახლოვდა და ამ დროს მართლაც გავკარი ხელი ანალიზატორს იმიტომ, რომ რაღაც ნემსის გაკეთება დაიწყეს ჩემი ნებართვის გარეშე. ჩემი რეაქცია მთელი ამ ძალადობის და შეურაცხყოფის შემდეგ აღელვებით იყო გამოწვეული.

ყველა იქცეოდა, როგორც ნამდვილი კრიმინალი. ჩემს საკანში მუდმივად ისმის კრიმინალების შეძახილის ხმა.

ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე უარს ვაცხადებ, არ ვთანამშრომლობ სამედიცინო პერსონალთან. შევხვდები მხოლოდ ჩემს პირად ექიმს. ჩემი აქ გადმოყვანის მიზანი ერთმნიშვნელოვნად ჩემი ფიზიკური განადგურებაა, პუტინის დაკვეთით.

მინდა, არ მივცეთ არანაირი პროვოკაციის შესაძლებლობა. მე ვალდებული ვიყავი, გამეწია ფიზიკური წინააღმდეგობა ძალადობისთვის, მაგრამ მე აქ მარტო ვიყავი, ხოლო თქვენ გარეთ ხართ უამრავი და, შესაბამისად, ვერავინ დაგამარცხებთ მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მტკიცე პროტესტის პირობებში”, — ნათქვამია სააკაშვილის წერილში.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში (მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში)  8 ნოემბერს, მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს.

სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილმა ციხის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით კი იუსტიციის სამინსიტრომ განცხადებაც გაავრცელა, რომლის თანახმადაც, სააკაშვილმა ასევე ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკაც დააზიანა.

“იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება”, – ეწერა სამინისტროს განცხადებაში.

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში მოინახულა. ვიზიტის შემდეგ ლომჯარიამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ სააკაშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა ის მოატყუა, რადგან უთხრეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, თუმცა საბოლოოდ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიიყვანეს.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 39-ე დღეა ციხეში შიმშილობს. ის ამბობს, რომ აპირებს, სიკვდილამდე იშიმშილოს.

მთავრობა უარს აცხადებდა სამოქალაქო საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანაზე და აცხადებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილს სწორედ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში (ციხის საავადმყოფოში) გადაიყვანდა.

თუმცა, სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამებოდა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს. გლდანის კლინიკაში გადაყვანას ეწინააღმდეგებოდა თავად სააკაშვილიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი