საზოგადოება

სააკაშვილმა ციხის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა – ბრეგაძე

8 ნოემბერი, 2021 • 3190
სააკაშვილმა ციხის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა – ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ციხის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შესახებ მინისტრმა იმედის ეთერში განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, ინციდენტი სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში შესახლებისას მოხდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა იუსიტიციის სამინისტრომაც. განცხადების თანახმად, მან ძვირადღირებული ტექნიკა დააზიანა.

“იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა №18 დაწესებულებაში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს და ძვირადღირებული ტექნიკა დააზიანა. სამინისტროს ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.

ბრეგაძის თქმით, სააკაშვილმა უარი თქვა მედიკამენტების მიღებაზე და სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკი, რის გამოც მისი ტრანსპორტირება გადაწყდა ციხის საავადმყოფოში. გარდა ამისა, კიდევ ერთი მიზეზი, რაც ბრეგაძემ სააკაშვილის გლდანის ციხის კლინიკაში გადაყვანის დასაბუთებისას მოიყვანა, არის პატიმრის უსაფრთხოება. ბრეგაძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორაციით, არსებობდა გზების გადაკეტვის და გარკვეული დესტრუქციული ქმედებების საფრთხე.

ბრეგაძემ არ დააკონკრეტა, სააკაშვილის ტრანსპორტირება თვითმფრინავით განხორციელდა თუ მანქანით.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში (მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში) გადაიყვანეს.

ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ კონსილიუმმა სააკაშვილის დაუყოვნებლივი ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა.

„ავადმყოფი გადაუდებლად იქნეს გადაყვანილი მაღალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში, მაღალპროფილურ სამოქალაქო დაწესებულებაში“, – განაცხადა ყიფშიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 39-ე დღეა ციხეში შიმშილობს. ის ამბობს, რომ აპირებს, სიკვდილამდე იშიმშილოს.

მთავრობა უარს აცხადებს სამოქალაქო საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანაზე და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილს მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში (ციხის საავადმყოფოში) გადაიყვანენ.

თუმცა, სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს. გლდანის კლინიკაში გადაყვანას ეწინააღმდეგებოდა თაავად სააკაშვილიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი