ახალი ამბები

ოპოზიცია იუსტიციის სამინისტროსკენ მსვლელობით გაემართა

9 ნოემბერი, 2021 • 784
ოპოზიცია იუსტიციის სამინისტროსკენ მსვლელობით გაემართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები იუსტიციის სამინისტროსთან მსვლელობით გაემართნენ. ოპოზიციონერი დეპუტატები იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან შეხვედრას ითხოვენ. სამინისტროსთან ასეულობით პოლიციელია მობილიზებული.

“სანამ მთავარი მიზანი არ იქნება მიღწეული, საპროტესტო მოძრაობა ყოველთვის იქნება ურყევი, დისციპლინირებული, სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის, დილიდან ღამამდე, სანამ არ დაეცემა ეს რეჟიმი. გუშინ მოტყუებით მოიტაცეს პატიმარი. გუშინ ხელისუფლება ცდილობდა, რომ გადავესროლეთ სამოქალაქო დაპირისპირებაში და სიძულვილში, საიდანაც შეიძლება, მრავალი წელი ვერ გამოვსულიყავით.

მაგრამ ჩვენ მათ დაგებულ მახეში არ გავეხვიეთ. ჩვენი ინტერესი არ არის ამ პოლიციასთან შეტაკება ან სადმე შეჭრა. ჩვენი შეკრების მიზანია მიხეილ სააკაშვილის და ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის უზრუნველყოფა და მიტაცებული არჩევნების დაბრუნდება”, — განაცხადა ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში (მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში)  8 ნოემბერს, მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს.

სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილმა ციხის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით კი იუსტიციის სამინსიტრომ განცხადებაც გაავრცელა, რომლის თანახმადაც, სააკაშვილმა ასევე ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკაც დააზიანა.

“იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება”, – ეწერა სამინისტროს განცხადებაში.

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში მოინახულა. ვიზიტის შემდეგ ლომჯარიამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ სააკაშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა ის მოატყუა, რადგან უთხრეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, თუმცა საბოლოოდ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიიყვანეს.

გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში — სააკაშვილი გლდანში გადაყვანაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი