ახალი ამბები

პენიტენციურმა სააკაშვილის საკანში გადაღებული ვიდეო გაასაჯაროვა

8 ნოემბერი, 2021 • 1784
პენიტენციურმა სააკაშვილის საკანში გადაღებული ვიდეო გაასაჯაროვა

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის საკანში გადაღებული ვიდეო გაასაჯაროვა, სადაც ჩანს, როგორ ალაგებს სააკაშვილი საკუთარ ნივთებს.

პენიტენციურის განცხადებით, ვიდეო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაასაჯაროვა:

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გასვლის კადრებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ”, – განმარტავს პენიტენციური.

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ სააკაშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ის მოატყუეს და უთხრეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, თუმცა საბოლოოდ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიიყვანეს.

ლომჯარის თქმით, მათი ინფორმაციით, არ არსებობს ოქმი, სადაც დაფიქსირებულია, რომ სააკაშვილი წინასწარ იყო გაფრთხილებული, რომ გლდანში გადაჰყავდათ. სააკაშვილი აცხადებს, რომ საბოლოოდ გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით შეიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში (მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში) დღეს, 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

ცოტა ხნით ადრე მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ კონსილიუმმა სააკაშვილის დაუყოვნებლივი ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა.

„ავადმყოფი გადაუდებლად იქნეს გადაყვანილი მაღალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში, მაღალპროფილურ სამოქალაქო დაწესებულებაში“, – განაცხადა ყიფშიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 39-ე დღეა ციხეში შიმშილობს. ის ამბობს, რომ აპირებს, სიკვდილამდე იშიმშილოს.

მთავრობა უარს აცხადებდა სამოქალაქო საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანაზე და აცხადებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილს სწორედ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში (ციხის საავადმყოფოში) გადაიყვანდა.

თუმცა, სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამებოდა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს. გლდანის კლინიკაში გადაყვანას ეწინააღმდეგებოდა თავად სააკაშვილიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი