ახალი ამბები

გლდანის ციხის საავადმყოფოში კომპიუტერული ტომოგრაფიის მოწყობილებები შეაქვთ

8 ნოემბერი, 2021 • 2199
გლდანის ციხის საავადმყოფოში კომპიუტერული ტომოგრაფიის მოწყობილებები შეაქვთ

გლდანის ციხის საავადმყოფოში (მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში), სადაც ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, კომპიუტერული ტომოგრაფიის მოწყობილებები შეაქვთ. ამის ამსახველ კადრებს TV პირველი ავრცელებს.

“ნეტგაზეთი” აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას პენიტენციურ სამსახურშიც შეეცადა, თუმცა უწყების პრესსამსახური ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

დღეს, 8 ნოემბერს კი, ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში (მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში) გადაიყვანეს:

“ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით”, – განმარტა პენიტენციურმა სამსახურმა.

ცოტა ხნით ადრე მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ კონსილიუმმა სააკაშვილის დაუყოვნებლივი ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 39-ე დღეა ციხეში შიმშილობს. ის ამბობს, რომ აპირებს, სიკვდილამდე იშიმშილოს.

მთავრობა უარს აცხადებს სამოქალაქო საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანაზე და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილს მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში (ციხის საავადმყოფოში) გადაიყვანენ.

თუმცა, სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს. გლდანის კლინიკაში გადაყვანას ეწინააღმდეგებოდა თაავად სააკაშვილიც.

გარეკანის ფოტო: TV პირველი

მასალების გადაბეჭდვის წესი