ახალი ამბები

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრებმა სუს-თან ნაგავი დაყარეს

7 ნოემბერი, 2021 • 1469
„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრებმა სუს-თან ნაგავი დაყარეს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ნაგავი დაყარეს.

როგორც „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, მათ პროტესტის ტრადიციული გზების არ სჯერათ და სჯერათ, რომ ხელისუფლებას „ნერვები უნდა მოუშალონ“.

ნაგვის დაყრის გარდა, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრებმა სუს-ის შენობის ეზოში ქაღალდის თვითმფრნავები გაუშვეს, რომლებსაც რევოლუცია ეწერათ.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტრადიციული პროტესტის გზები არ არის ეფექტური. იმუნიტეტი აქვს ამ სისტემას გამომუშავებული. ამიტომ ჩვენი გზა არის ნერვების მოშლის, საბოტაჟის და პარალიზების გზა. დღესაც ასეთი აქცია არის, რომლემაც წესით უნდა გააღიზიანოს.

30-მდე კაცმა სახლიდან წამოვიღეთ საყოფაცხოვრებო ნაგავი, აღარ ჩავყარეთ ურნებში, მოვიტანეთ და დავყარეთ სუს-ის შესასვლელთან, რადგან ეს ადგილი მგონია მთავარი ადგილი ბოროტების ამ ქვეყანაში. არაფრის გაპროტესტებას არ აქვს აზრი ცესკოსთან და ეგეთ სტრუქტურებთან, აქედან იმართება ეს ქვეყანა. ესენი მართავენ, ესენი აშინებენ, მათ შორის, ესენი ატარებენ ამ ქვეყანაში არჩევნებს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ნაგვის დაყრის შემდეგ ადგილზე მივიდა პოლიცია და ზურაბ ჯაფარიძეს და მასთან ერთად მყოფ რამდენიმე პირს, რომელთა იდენტიფიცირებაც მოხდდა, 80-ლარიანი ჯარიმები გამოუწერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი