რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, 2007 7 ნოემბერის მოვლენებთან დაკავშირებით აქცია – „არ აგარევინებთ“ მიმდინარეობს.
აქციაზე, რომლის ორგანიზატორიც საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელი გია გაჩეჩილაძეა (უცნობი, 14 წლის წინანდელი აქციის დარბევის კადრები აჩვენეს.
გია გაჩეჩილაძემ აქციაზე სიტვით გამოსვლისას ხელისუფლებას თხოვნით მიმართა, რომ 7 ნოემბერი ღირსების დღესასწაულად გამოცხადდეს.
„მინდა გითხრათ, რომ ღირსების დღეა 7 ნოემბერი და ყველა იმ ადამიანის დღე, ვინც ამ 20 წლის განმავლობაში ღირსება შეინარჩუნა. არ დაკარგა, მიუხედავად ყველანაირი ზეწოლისა და მთელი ამ ცხოვრებისა. იმიტომ რომ ეს დღე დაიწყო 2 ნოემბერს და მოშიმშილეები აქ დასხდნენ 7 ნოემბერს. აი იქიდან იწყება მთელი კოშმარი, რაც იწყება. კი, მართალია, მანამდე იყო ბუტა[რობაქიძე], მანამდე იყო სანდრო[გირგვლიანი], მაგრამ მასიური ტერორი იწყება ზუსტად 7 ნოემბრიდან. ამიტომ, ვიფიქრე და თუ შეიძლება ერთად მივმართოთ და ვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ 7 ნოემბერი გამოცხადდეს ღირსების დღესასწაულად“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
ამ დროისათვის პარლამენტის წინ მოძრაობა გადაკეტილია და ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
2007 წლის 7 ნოემბერი
სახალხო დამცველის ანგარიშების მიხედვით, 2007 წლის 7 ნოემბერს, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით დარბევისას, სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო არაერთმა დემონსტრანტმა. აქციის დასაშლელად პირველად გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, მათ შორის, რეზინის ტყვიები, რაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით არ იყო ნებადართული.
სახალხო დამცველის 2007 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის მიხედვით, მტკიცებულებებით დასტურდება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაც. იმავე დღეს ტელეკომპანიაში “იმედში” სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა, რასაც შედეგად ტელევიზიის დროებით დახურვა, მოგვიანებით კი მისი მფლობელისთვის წართმევა მოჰყვა.